მთავარისაქართველოპარლამენტის დროებითი კომისია პროკურატურას კიდევ სამი ოპოზიციონერის საქმეზე მიმართავს

პარლამენტის დროებითი კომისია პროკურატურას კიდევ სამი ოპოზიციონერის საქმეზე მიმართავს

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

8 აპრილის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა 2003-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება, ასევე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე.

კომისიის წევრებმა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, დაიბარეს, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, მათი საქმე პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის დღის ბოლომდე გადაეცემა. მისი განმარტებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაა.

„სხდომაზე [ნიკა] გვარამია 10:00 საათზე გახლდათ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. ასევე, საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას. კომისიის წევრებსა და საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მასთან მიმართებაში შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ დღეს, 8 აპრილს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ არ მოსულიყო სხდომაზე.

ბატონი გივის [თარგამაძე] შემთხვევაში ფელდეგერი ბრძანდებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე, მან პირადად ჩაიბარა შეტყობინება და შემდეგ, ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ კომისიაზე მოსვლას არ აპირებს. 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად არის დასრულებული.

დღევანდელ სხდომაზე, 11:00 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ, როგორც სამდივნო გვატყობინებს, მოიწერა საყვედური, რომ ვაწუხებთ მას იმიტომ, რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, აქაც შეტყობინების პროცედურა დასრულებულია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევის ბრალდებით, სასამართლომ 50 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა სხვა ოპოზიციური გაერთიანების, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებსაც – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

„ქართული ოცნების“ ამ სამართლებრივ ქმედებებს ოპოზიციაში ოპონენტთა და განსხვავებული აზრის დევნად აფასებენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:00
spot_imgspot_img
Send this to a friend