საპროტესტო აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის, საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა.
8 აპრილის პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ექსპერტი გამოიკითხა, ერთ-ერთმა მათგანმა, პეტრე წინწკალაძემ დაადასტურა, რომ ნივთიერება, რომელიც ბრალდების მტკიცებით, გიორგი ახობაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა, დაცვის მხარის პოზიციით კი, ბრალდებულს ჩაუდეს, ნამდვილად ნარკოტიკული საშუალება იყო.
.
გიორგი ახობაძე სამართალდამცველებმა 7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან შინ მიმავალი დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი ამბობს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“. დაკავებულმა ექიმმა 10 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას რამდენიმე ადამიანმა გაკოჭა. გიორგი ახობაძემ თქვა, რომ იგრძნო, როგორ ეხებოდნენ ჯიბეზე, თუმცა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, მათ შეწინააღმდეგებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საქმეზე მომდევნო სხდომა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 16 აპრილს ჩანიშნა.
