კატეგორიები

„ქართული ოცნება“ რამდენიმე საკანონმდებლო შეზღუდვის მიღებას გეგმავს

„ქართული ოცნება“ რამდენიმე საკანონმდებლო შეზღუდვის მიღებას გეგმავს

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციირა.

ერთ-ერთი ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონს შეეხება. პარტიის ინიციატივით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ გრანტი თანხმობის გარეშე გაიცემა, ის პასუხისმგებლობის სახით გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონდარღვევის მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. ამასთან, მთავრობის მიერ გრანტის გაცემაზე თანხმობის გაცხადებისთვის ათდღიანი ვადა განისაზღვრება.

ცვლილებათა პროექტში ასევე წერია, რომ გრანტის გაცემაზე უარის შემთხვევაში, მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს – კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

„ქართულ ოცნებასვე“ ეკუთვნის ინიციატივა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე. ცვლილებათა პროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით, ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების ჩატარებას ვეღარ შეძლებენ.

მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს აკრძალული აქვთ შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან. ასევე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანიც პარტიების ინსტიტუციური განვითარებაა, რაც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას არ უკავშირდება.

პარტია ორივე ცვლილების მიღებას დაჩქარებული წესით გეგმავს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები