კატეგორიები

ირაკლი კობახიძემ უწყების თანამშრომლებს იუსტიციის ახალი მინისტრი, პაატა სალია წარუდგინა

ირაკლი კობახიძემ უწყების თანამშრომლებს იუსტიციის ახალი მინისტრი, პაატა სალია წარუდგინა
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი, პაატა სალია წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა.

„მან [ანრი ოხანაშვილმა] დაიკავა საგანგებო მნიშვნელობის თანამდებობა, გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და მას მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო ამ ახალ საქმეში.

მინდა, თქვენ წინაშე წარვადგინო პაატა სალია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი საქართველოში. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ჩვენს ქვეყანაში. ბოლო თვეების განმავლობაში ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს პარლამენტის წევრი და ახლა უკვე იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უწყებას ჩვენს ქვეყანაში. ის არის არა მხოლოდ ძალიან კარგი პროფესიონალი, არამედ ყველანაირი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული, კეთილსინდისიერი ადამიანი. მინდა, პაატა სალიას ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი იუსტიციის მინისტრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ კვირაში გამოაცხადა, მაშინვე გადაწყდა რეგიონული განვითარების სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების საკითხი.

სტრუქტურის ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოყოფის თაობაზე პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში იმსჯელებს.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები