ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დებატებს 10 აპრილს გამართავს. გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მიმდინარე კვირის დღის წესრიგის დამტკიცებისას გამოაცხადა.
ასამბლეის წევრები საქართველოსთან დაკავშირებით 29 იანვარს მიღებული რეზოლუციის შემდგომ ქმედებებზე იმსჯელებენ. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს შეეხება. მასში აღნიშნულია, რომ რეზოლუციაში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი. ამავე რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში ვითარება გაუარესებულია. გუშინ 130 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე განაგრძობს პროტესტს. მოსახლეობა მართავს საპროტესტო აქციებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მიუხედავად ძალადობისა და რეპრესიებისა. ასობით ჟურნალისტი და დემონსტრანტი ნაცემია, თუმცა ერთი სამართალდამცველიც კი არ მისცეს პასუხისგებაში, რაც აჩენს საფუძვლიან კითხვას – ვინ დგას ძალადობის უკან? ბოლო პერიოდში მმართველმა პარტიამ წარმოადგინა ახალი დადგენილება არჩევნების სადამკვირვებლო პროცესთან დაკავშირებით. ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არსებული კრიზისის განმუხტვის გარეშე ვერ ჩატარდება. როგორც ჩვენმა ასამბლეამ ამა წლის იანვარში აღნიშნა – ახალი, სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა. ამას უნდა მოჰყვეს რეპრესიების დასრულება და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება“, – განაცხადა ბორიანა ობერგიმ, შვედმა დეპუტატმა.
„სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას დემოკრატიული უკუსვლისთვის. საზოგადოება განაგრძობს ქუჩის პროტესტს – უნგრეთიდან საქართველომდე, სერბეთიდან სლოვაკეთსა და თურქეთამდე. რას მოითხოვენ? არ მოითხოვენ ეკონომიკურ პრივილეგიებს, არ მოითხოვენ სოციალურ სარგებელს – მათ სურთ იმ ღირებულებების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ეს ორგანიზაცია, ესენია – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მათ სურთ, რომ გავიგონოთ მათი ხმა. ევროპული საბჭო დაფუძნებულია, როგორც დიპლომატიური და პოლიტიკური ასამბლეა, ამიტომ აქ თითოეული ჩვენგანი დიალოგისთვის იმყოფება. არავინ აიძულებს ქვეყნებს, გახდნენ ევროპული საბჭოს წევრები, თუმცა თუ ამ გზას აირჩევენ, მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სტანდარტებს.
ჩვენ გვესმის კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი ყველა ქვეყანასთან, მაგრამ ვინ დაელაპარაკება ამ ქვეყნების მოსახლეობას, როცა მთავრობები მათ არაფრად აგდებენ? უნდა დაველოდოთ როდის შეწყდება პროდემოკრატიული პროტესტები და განვაახლოთ საუბარი იმ მთავრობებთან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფენ ხალხს?“ – განაცხადა ევროპის საბჭოს დეპუტატმა იულიან ბულაიმ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია სტრასბურგში დღეს, 7 აპრილს, გაიხსნა და 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
