კატეგორიები

„დამოუკიდებელი მედია „ქართული ოცნების” რეჟიმის მთავარი სამიზნეა“ – „მედიის ადვოკატირების კოალიცია“

„დამოუკიდებელი მედია „ქართული ოცნების” რეჟიმის მთავარი სამიზნეა“ – „მედიის ადვოკატირების კოალიცია“

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ონლაინგამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას, დაკავებას ეხმაურება.

უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მეთოდით აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობას, რაც მოიცავს „სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებასა და როგორც კოალიცია განმარტავს, დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში“.

„დამოუკიდებელი მედია „ქართული ოცნების” რეჟიმის მთავარი სამიზნეა. საბა სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითიდღე იზრდება. ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”,  სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. ეს არის გააზრებული ტაქტიკა მედიის თავისუფლებაზე შემაკავებელი ეფექტის შესაქმნელად და სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად“, – ნათქვამია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის, ასზე მეტი ინციდენტი გამოვლინდა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არათუ დასჯილი, არამედ იდენტიფიცირებულიც კი არაა. „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, ეს შემთხვევები ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მიერ გამოხატვის თავისუფლებისა და ნებისმიერი კრიტიკული აზრის სისტემური შეზღუდვის მცდელობას.

ონლაინგამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია 6 აპრილს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. ჟურნალისტის ადვოკატების ცნობით, დაკავებისას სამართალდამცველებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები