რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო „საგარეო საქმეთა სამინისტროები“ ირაკლი კობახიძის მიერ 6 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.
ოკუპირებულ რეგიონებში მიაჩნიათ, რომ თბილისის პოზიცია რეალობასთან შეუსაბამოა და მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა ე.წ. „კეთილმეზობლური“ ურთიერთობების განვითარებაა.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს პასუხად, რომელშიც განიხილებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, გვსურს, ხაზი გავუსვათ გარემოებას – ქართული ხელმძღვანელობის განცხადებები ცხადყოფს, რომ არსებულ რეალობასთან შეუსაბამო ძველი მიდგომებისგან თავის დაღწევის სურვილი არ არსებობს.
„აფხაზეთის რესპუბლიკა“ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელმაც განსაზღვრა თავისი დამოუკიდებელი სტატუსი ხალხის ნების საფუძველზე. საქართველოსთან სამომავლო თანაარსებობა შესაძლებელია მხოლოდ კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დეკლარაციის ნაცვლად ვისურვებდით, გვენახა ქართული მხარის სწრაფვა კონსტრუქციული დიალოგისა და კომპრომისების ძიებისკენ, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ, შევქმნათ მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა. აფხაზური მხარე არაერთხელ მოუწოდებდა და კვლავაც ღია რჩება იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ეხება საქართველოსა და „აფხაზეთის რესპუბლიკას“ შორის „ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული იურიდიული ვალდებულებების შესრულებას. ცხადია, ეს ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასაც“, – წერს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყება“.
„ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას და არ აპირებს განვითარების ვექტორისა თუ მისწრაფების შეცვლას მისი ყოველმხრივი უსაფრთხოების გარანტ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ცხინვალმა არაერთხელ განაცხადა საკუთარი პოზიციის შესახებ, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის „არჩევანზეა“ დაფუძნებული და განმტკიცებულია „კონსტიტუციაში“. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა მსგავს განცხადებებთან ერთად ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას“, – წერია რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
6 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიღწევა „მოთმინებითა” და „თანმიმდევრული პოლიტიკითაა” შესაძლებელი.
