კატეგორიები

„ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია”- მაღაროელების მიმართვა ჯანდაცვის მინისტრს

„ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია”- მაღაროელების მიმართვა ჯანდაცვის მინისტრს

ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მიმართავენ, დაუყოვნებლივ გაუგზავნონ, ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახადონ აფთიაქში სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება. მათი თქმით, ჭიათურის მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისშია, „ბოლო რამდენიმე კვირა კი, სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის პირისპირ დგას საკვებისა და წამლების მუდმივი დანაკლისის გამო“.

განცხადებაში წერია, რომ მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ბავშვთა ხელოვნური საკვები და საბაზისო საჭიროების პროდუქტები იმისათვის, რომ მათივე თქმით, შემსუბუქდეს „საყოველთაო შიმშილი“.

მაღაროელების პროტესტი 2024 წლის 28 თებერვალს დაიწყო და უკვე 39 დღეა, გრძელდება. პროტესტი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებას მოჰყვა. კომპანიამ 2024 წლის ნოემბერში ჭიათურის მაღაროში მუშაობა შეწყვიტა, თუმცა თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის გადახდასა და სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნებას დაჰპირდა. მიუხედავად ამისა, მაღაროელები აცხადებდნენ, რომ იანვრიდან ხელფასის 60%-ც კი აღარ მიუღიათ.

2025 წლის 7 მარტს კომპანიამ განაცხადა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები ჭიათურაში აღარ განახლდებოდა. 2025 წლის 24 მარტს პროტესტი თბილისში გაგრძელდა, თუმცა ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია და პროტესტმა კვლავ ჭიათურაში გადაინაცვლა, შემდეგ 2-მა მაღაროელმა შიმშილიც დაიწყო, თუმცა გუშინ, 6 აპრილს, შიმშილი ორივე მაღაროელმა შეწყვიტა.

მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია, მათ სურთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს არსებული ვითარების მოგვარებაში, მოისმინონ მათი პრობლემები, საჭიროებები და პოზიციები. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში” განაცხადეს, რომ მათთვის ხელფასის 60%-ის დარიცხვა ოთხ აპრილს დაიწყო და დღეს, 7 აპრილს, დასრულდება. მათივე განცხადებით, მაღაროელებს სააღდგომოდ კიდევ ერთი თვის ხელფასის 60% დაერიცხებათ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები