ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საქმე ახლა არსებითი განხილვის ეტაპზეა და მას მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
7 აპრილს, ისევე როგორც წინა პროცესზე, სასამართლომ ბრალდების მოწმეებს მოუსმინა. სხდომაზე გამოიკითხნენ გამომძიებლები ლევან გოგმაჩაძე და გურამ დიასამიძე. ასევე პროკურატურამ მოწმედ წარმოადგინა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, მოადგილე გიორგი ბჟალავა.
„არ შემოსულა. რომ შემოსულიყო, დავინახავდი“, – ასე უპასუხა გიორგი ბჟალავამ დაკავებულ ჟურნალისტს, რომელიც ამბობდა, რომ დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსი განყოფილებაში მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
გიორგი ბჟალავამ თქვა, რომ გამორიცხულია, მას ვერ დაენახა, როგორ შევიდა ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელთან.
გასულ კვირაში გამართულ სხდომაზე სასამართლომ კიდევ ორი სამართალდამცველი გამოჰკითხა – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე, რომელმაც მზია ამაღლობელი დააკავა და პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც ჟურნალისტი გაჩხრიკა და მისი დაკავების ოქმი შეადგინა.
ჟურნალისტს, რომელიც 11-12 იანვარს ორჯერ, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი, სისხლის სამართლის წესით დააკავეს, გამოძიება „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.