საპროტესტო აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 აპრილს ჩაინიშნა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა. მანამდე კი, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა დარბაზის შეცვლის შესახებ შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატის თქმით, დარბაზში სიმჭიდროვე და ჩახუთულობა იყო. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებდა, რომ დარბაზში მას დენი ურტყამდა.
გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ დარბაზში, რომელშიც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ელექტროენერგიის გადაცემის პრობლემა წლებია მოუგვარებელია.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი კი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების განმარტებით, ელექტროენერგიის გადაცემის პრობლემა არ გამოვლინდა.
მიუხედავად ამისა, მან დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და სხდომა სხვა დარბაზში გაგრძელდა.
პროკურატურა სამ ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე, დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
