2 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში არსებულ ვითარებაზე პირველი მკაფიო გზავნილი გაისმა.
საინფორმაციო სააგენტო globalnews.ge-ს წერილობით შეკითხვაზე, როგორ აფასებენ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ვითარებას პარტნიორ შეერთებულ შტატებში, ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ასეთი საპასუხო წერილი გამოიგზავნა.
“ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში”, – ნათქვამია წერილში.
„ქართული ოცნების“ გუნდში, თუ აქამდე ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობდნენ, ახლა ამბობენ რომ ე.წ. Deep State კვლავ ძლიერია და შესაძლოა ტრამპს მისი დამარცხება გაუჭირდეს.
„გულწრფელად ვიტყვი, მოლოდინი მქონდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა იმისათვის, რომ ის „დიფ სთეითზე“ საუბრობდა მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა. დღეს არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და გარკვეული ვაკუუმიც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ მზაობას იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს. ძალიან ცუდია ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება. დღეს არის ის მოცემულობა, რომ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენ დაგვცინოდნენ. მაგრამ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიფ სთეითი“ – ჩრდილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დევნის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტის უკანონო პატიმრობის, მითვისებული არჩევნებისა და არაერთი რეპრესიული კანონის მიღების ფონზე, ამერიკასთან ბიძინა ივანიშვილი ურთიერთობებს ვერ გადატვირთავს.
„ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება – გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, მის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს – მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. ასევე, ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჯეი დი ვენსს ხშირად იყენებს ხოლმე „ქართული ოცნება”, როგორც ამერიკასთან დალაგების ინსტრუმენტს და ძალიან სიმბოლური იყო ისიც, რომ ჯეი დი ვენსის სიტყვებით უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტმა. დღეს კიდეც შათირიშვილი გამოაგორეს, რომელიც ისევ „დიფ სთეითზე“ რაღაცებს როშავდა, “ქართული ოცნების” ლოიალისტების დასამშვიდებლად, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ. ძალიან კარგად ვხედავთ და კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” ლოიალისტები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან კრიზისის გადაწყვეტას ელოდებიან. პირველ რიგში, ადგილობრივი პროტესტით და შემდეგ დასავლეთის წნეხით, ჩვენ კრიზისი გავაგრძელეთ და მან ეს კრიზისი ვერ მოაგვარა. აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის ჩამოშლას და ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით. ეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას დაასრულებს”, – განაცხადა „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გარდა, გუშინ გავრცელდა „ჰელსინკის კომისიის“ წევრების განცხადება საქართველოსთან, კერძოდ ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიებისთვის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით.
კომისია შეშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, რადგან ჩინურ კონგლომერატში, შედიან შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული კომპანიები.
აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების წინსვლით კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და საკუთარი ეკონომიკური მომავლის განსაზღვრის უნარს. „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.
ალეკო გვეტაძე
