კატეგორიები

ცვლილებები მთავრობაში და პოლიტიკური შეფასებები

ცვლილებები მთავრობაში და პოლიტიკური შეფასებები
ცვლილებები ძალოვან უწყებებში და ახალი სამინისტრო საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ორ ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში ხელმძღვანელ პირთა ცვლილების შესახებ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილებით, სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გრიგოლ ლილუაშვილი ვადაზე ადრე გადადგა და მას ახალი სამინისტრო ჩაბარდება. მის ნაცვლად უშიშროების ორგანოს მოქმედი იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.

ხოლო იუსტიციის მინისტრად „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ ამ ცვლილებების საჭიროების მკაფიო მიზეზებზე არ უსაუბრია.

„რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს, ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას კი ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება, იუსტიციის მინისტრის თანამდებობას კი პაატა სალია დაიკავებს“, – განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერები დადებითად აფასებენ ამ ცვლილებებს მთავრობაში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ გუნდში არავის მიმართ არ ყოფილა უკმაყოფილება და ეს მხოლოდ გეგმიური ძალთა გადანაწილებაა უფრო ეფექტური მმართველობისთვის.

„არაადეკვატური შეფასებაა ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილს დროზე ადრე დაატოვებინეს თანამდებობა იმ უშველებელი ამოცანების გათვალისწინებით, რაც ახალ სამინისტროს დაეკისრება. უშველებელი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს სამინისტრო იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მაღალი მაჩვენებლების სამინისტრო. აქ რომ გადაგყავს ადამიანი მინისტრად და ამას უწოდებ სასჯელს, რასაკვირველია, ძალიან დიდი მონდომებაა ამისათვის საჭირო. იქმნება უწყება, რომელიც იქნება ერთ-ერთი წარმმართავი იმ ვითარების, რომელიც საქართველოში არსებულ ხვალინდელ დღეს განაპირობებს და აქ ადამიანის გადაყვანა სწორედაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ზოგადად, ცვლილებები ნებისმიერ მთავრობაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ჩვეულებრივი ამბავია. მხოლოდ წარმატებები შეგვიძლია ვუსურვოთ მათ,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკიმ.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილისთვის სრულიად უინტერესოა ცვლილებები მათი შეფასებით არალეგიტიმურ მთავრობაში. ნაწილი კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გრიგოლ ლილუაშვილს, ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვა არ აპატია და ამ ფორმით სჯის.

„არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი გაწბილებულია იმისთის,რომ სუსმა ვერ მოახერხა გიორგი ბაჩიაშვილის გაპარვის აღკვეთა და ამიტომ დაისაჯა გრიგოლ ლილუაშილი. რეგიონული განვითარების სამინისტრო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი კორუფციული სქემისთვის მზადდება. იმისთვის, რომ უფრო მეტი ფული მოპაროს ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა კრიმინალურმა სინდიკატმა. თუმცა დამერწმუნეთ, რომ დიდხანს ეს სამთავრობო კარუსელი ვერ გასტანს იმიტომ, რომ განაჩენი ქართველ ხალხს უკვე გამოტანილი აქვს, ივანიშვილის კოლაბორაციონისტი, მოღალატე ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ.

მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი კი თვლის რომ „ქართული ოცნება“ სუს-ის გამოყენებით მომდევნო არჩევნების შედეგების მითვისებისთვის ემზადება.

„სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს. სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. „ოცნება“ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება.

სუს-ს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს“,- წერს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს 4 აპრილის სხდომაზე აირჩევს. მიმდინარე სასესიო კვირას მხოლოდ ორი პლენარული სხდომა იყო დაანონსებული – პარლამენტს სესიის ფორმატში 1-ელ და 2 აპრილს უნდა ემუშავა, თუმცა პარასკევს სხდომის გამართვის საჭიროება ამ სამთავრობო ცვლილებებმა განაპირობა.

ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები