თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ლელოსა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადად 30 დღე განისაზღვრა.
2 აპრილის სხდომაზე პროკურატურა ხაზარაძის მიმართ გირაოს გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ადვოკატებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტს, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს.
„ბოლო 5 წელია საქართველოში ვმოღვაწობ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლად, „ლელო – ძლიერი საქართველოს” დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე ვარ. ბიზნესსაქმიანობას ვეწეოდი და ჩართული ვიყავი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიც ანაკლიის პორტია.
არ მქონია არც ერთი სასამართლო დავაც, სადაც ვიღაც იტყოდა, რომ მამუკა ხაზარაძემ ვინმეს რამე წაართვა.
შეტევა დაიწყო, ძალიან დიდი ღვარძლიანი ცილისწამებისა. ეს გრძელდება დღემდე სახელმწიფოს კონტროლირებადი მედიასაშუალებებით…მეორე მიმართულება იყო სამართლებრივი დევნა“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის საქმეზე მომდევნო სხდომა 19 მაისს ჩაინიშნა.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროკურატურა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება.
