ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და ევროკომისარი, მარტა კოსი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება.
ბრიუსელი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ დაჩქარებული წესითა და „საჯარო განხილვების გარეშე“ დამტკიცებული კანონები რეპრესიული ხასიათისაა. ევროკავშირი აკრიტიკებს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, რომელსაც „ქართული ოცნება“ „ამერიკული FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანს“ უწოდებს. ასევე, ბრიუსელში „განსხვავებული აზრის დამთრგუნველს უწოდებენ“ მმართველი პარტიის მიერ „ბრიტანული მოდელის ანალოგად“ ხსენებულ მედიის შემზღუდავ კანონს.
„პარლამენტის მიერ, საჯარო განხილვების გარეშე მიღებული ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონები, საქართველოს ხელისუფლებას აძლევს დამატებით ინსტრუმენტს, განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიული პოლიტიკის გასამკაცრებლად.
ეს ნაბიჯები კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. მსგავსი ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, შეუთავსებელია მედიისა და კანონის უზენაესობის პლურალიზმთან და შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველოდით. კანონები საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე უარყოფითად აისახება. ევროკავშირის ამ ღირებულებების უგულებელყოფა არანაირ განხილვას არ ექვემდებარება.
ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოავლინონ ნამდვილი და შეუქცევადი ვალდებულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის. ამისთვის, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, შეჩერდეს რეპრესიული კანონების მოქმედება, დაიწყოს კონსულტაცია ვენეციის კომისიასთან და დაიწყოს შინაარსობრივი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან, არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზების საპოვნელად.
ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება სრულადაა ქვეყნის ხელისუფლების ხელში.
ევროკავშირი კვლავ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ყველა ძალისხმევას საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავლის გზაზე“, – წერია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ევროკომისარ მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, 1-ელ აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ პლენარულ სხდომაზე პარტიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით, ერთხმად დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაუბრუნდა „სამშობლოს ღალატის“ მუხლი. ამ მუხლს „სახელმწიფო ღალატი“ ერქვა და ის 2007 წლის აპრილში გაუქმდა.
