საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
დიპლომატიური უწყება ეხმიანება ავტორიტეტიანი გამოცემების – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესაც.
„ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებთან ერთად, განაგრძობს ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების მონიტორინგს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დამოუკიდებელ, თავისუფალ და პლურალისტურ მედიას კრიტიკული როლი აქვს მოსახლეობისთვის სანდო სიახლეებისა და ინფორმაციის მიწოდებაში, საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობასა და კარგად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებაში. მედია, როგორც მაკონტროლებელი, კრიტიკულად აკვირდება ძალაუფლების მქონე პირებს, იძიებს და აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რითაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას. დამოუკიდებელი, თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობია“, – წერს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო.
ჩეხეთის დიპლომატიური უწყება ხაზს უსვამს ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების მკვეთრ ცვლილებასა და, პრაღის შეფასებით, გაუარესებულ მედიაგარემოზე მიუთითებს.
„სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ – ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების შევიწროების მიზნით, იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება“, – ნათქვამია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ეს არაა დასავლეთის სახელმწიფოების დიპლომატიური უწყებების პირველი განცხადება მედიის გარემოს გაუარესებისა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის თაობაზე.