თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი 24 აპრილისთვის გადაიდო.
დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს საქმის არსებითი განხილვა უნდა დაეწყო, თუმცა მოსამართლემ სხდომაზე განაცხადა, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა საქმე განსახილველად გუშინ, პირველ აპრილს დაეწერა. მან განმარტა, რომ საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდება და ამიტომ, ადვოკატებს სხდომის გადადება შესთავაზა.
დღეს, უკვე მეოთხედ, ბრალდებულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ.
ამასთან, პროცესს არ ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული, რეზო კიკნაძე, რომელიც წინა სხდომაზე სხდომის დახურვასთან დაკავშირებით გამოთქმული პროტესტის საფუძველზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დარბაზიდან გააძევა.
სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატების საჩივარი წარმოებაში მიიღო.
