საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 1-ელ აპრილს, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა. განხილვის მთავარი თემა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული წინააღმდეგობის პლატფორმა და სამოქმედო გეგმა იყო. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის განცხადებით, კოორდინაცია შედგა და მხარეებმა მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები შეაჯერეს.
„დღეს კოორდინაცია შედგა. ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებსა და საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. მსურს, ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა შემდგომ თავისი ხედვები წარადგინონ სხვანაირად, რაც ერთობლივად შეთანხმებული არ იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა.
„გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდ იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. ის არსებობს საზოგადოებაში და როდესაც ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება. ის არის მუდმივი და არაფერი და ვერავინ აშინებს მის მონაწილეებსა და საზოგადოებას. პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შეტევა მიმდინარეობს და პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის. ამაზეც ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახოთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ. ევროსაბჭოში 7 აპრილიდან იქნება სესია, სადაც ალბათ, მიიღებენ მკაცრ რეზოლუციას, სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე. ალბათ, ასევე ყველა ის ახალი კანონი, რომლებიც მიღებულია ამ დღეებში. ცდილობენ, რომ ერთ მხრივ, FARA-თი მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახრჩონ, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ ახალი ერთობით ისინი აპირებენ, რომ შეეწინააღმდეგონ ხელისუფლების პოლიტიკას და მიაღწიონ მიზანს, რომლებიც გულისხმობს ახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას.
„ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, მშვიდობიან გზაზე. მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომლებზეც შეიძლება ვიღაც ფიქრობს. ეს არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ მხნედ და ვიყოთ შემართებით, ერთობლივად, ამ ახალ ერთობაში შევეწინააღმდეგოთ, გავუმკლავდეთ ამ რეჟიმის რეპრესიებს და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
