კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვიდა

სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვიდა. სხდომას ის დისტანციურად ჩაერთო.

მეხუთე პრეზიდენტმა ბრიტანელ კანონმდებლებს გააცნო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ისაუბრა ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილებაზე.

„როდესაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი მათი პროგრამის შესაბამისად იქცეოდნენ. მათი პროგრამა კი საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელება იყო. სწორედ ამ მმართველმა პარტიამ მიიღო 2018 წელს მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტმა ქვეყნის ევროპულ კურსს მხარი უნდა დაუჭიროს. ეს არის მუხლი, რომელიც იმპიჩმენტის დროს არგუმენტად გამოვიყენე. 2021 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების განმტკიცება, მედიისა და სასამართლო სისტემის შეზღუდვა დაიწყო. ეს იყო ნელი პროცესი, რომელიც უკრაინაში ომის დროს გაძლიერდა და დაიწყო პირდაპირი ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა. განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა, რომ პარტნიორები საქართველოში ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნას გეგმავდნენ და არსებობდა ე.წ. „გლობალური ომის პარტია“. ამ დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სიტყვიერად თავს დაესხნენ აშშ-ისა და ევროპის სახელმწიფოების ზოგიერთ ელჩს, ისინი მათ ქმედებებს აკრიტიკებდნენ.  ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას მუდმივად აქებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური და შიდა პოლიტიკური კურსიც შეიცვალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შიდაპოლიტიკური თემების განხილვისას სალომე ზურაბიშვილმა ახსენა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც პარტიამ ბოლო პერიოდში, დაჩქარებული წესით მიიღო. მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, 125-ე დღეა, ქართველი ხალხი მასშტაბურ პროტესტს განაგრძობს.

„28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან მალევე ვიხილეთ ბევრად სწრაფი გაგრძელება იმისა, რაც მოხდა გასულ წელს – ვგულისხმობ, „რუსულ კანონს“, რომელიც არის ზუსტი ასლი იმისა, რასაც უკეთებდა რუსეთი სამოქალაქო საზოგადოებას იმ გამონაკლისის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ეს პროცესი ბევრად სწრაფად მიმდინარეობს. პრაქტიკულად, ყოველ მეორე დღეს ჩვენ გვაქვს ახალი კანონები, რაც ასევე რუსეთის ქმედებების ასლია და ვხედავთ რუსეთში არსებული ვითარების მსგავს სურათს, რეპრესიების, ქუჩაში ძალადობისა და მოქალაქეებთან სახლში შევარდნის მხრივ. სხვადასხვა დროს 400-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, ზოგიერთი მათგანი ადმინისტრაციული, ზოგიერთი კი სისხლის სამართლის წესით, იმის მიუხედავად, რომ პროტესტი აბსოლუტურად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. დაკავებულთაგან 50 საპატიმროში იმყოფება და მათ ნაწილს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე, თანაც იმ დროს, როცა არავინ იცის, სინამდვილეში რა დანაშაული ჩაიდინეს მათ, მაგრამ ის კვალიფიცირებულია როგორც ჯგუფური ძალადობა. ხელისუფლება საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ პირებს, მათ შორის ახალგაზრდა მსახიობებს, კრიმინალებივით ექცევა…

აქაც იგივე სახელმძღვანელოა, როგორც რუსეთსა და ბელარუსში. მაგალითად, მხოლოდ დღეს პარლამენტმა სამი სხვადასხვა კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, პარლამენტში არ არსებობს მმართველი პარტიის მოწინააღმდეგე, არც რაიმე დებატები იმართება – კანონპროექტმა კომიტეტებში სამივე მოსმენა მხოლოდ სამ დღეში გაიარა. ერთ-ერთი არის ე.წ. „ამერიკული ფარა“, რომელიც ახალი სტილის რუსული კანონია და მაღალჩინოსნებს აძლევს მეტ უფლებას, მეტად გააკონტროლონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. მეორე კანონი ეხება ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს საბჭოთა მმართველობისას არსებული „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენას. კიდევ ერთი კანონი ეხება მედიას, რომელიც ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, შეზღუდოს მისი უცხოური დაფინანსება და დამატებით შეზღუდვებს აწესებს მაუწყებელთა შინაარსობრივ ნაწილზე. ასევე არის დამატებითი კანონები საჯარო სამსახურზე, რომლებიც სახელმწიფო მოხელეებისგან მათი უშუალო უფროსებისგან ავტორიზაციის მიღებას მოითხოვს, თუ მათ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა სურთ. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა, რაც აჩვენებს სისწრაფეს, რომლითაც შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა ასრულებენ სახელმძღვანელოს – ის კი, აშკარად საქართველოში არაა დაწერილი. ხელისუფლება მხოლოდ ერთ პარტიასა და ერთ კაცს, ბატონ ივანიშვილს წარმოადგენენ“, – თქვა მეხუთე პრეზიდენტმა ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები