კატეგორიები

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები ერთხმად მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები ერთხმად მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები.

მიღებულ კანონებს შორისაა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს „ქართულ ანალოგს“ უწოდებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი „ქართულ სამართლებრივ რეალობასაა“ მორგებული. კანონპროექტის თანახმად, კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება. ამ უწყების გამჭვირვალობასა და დამოუკიდებლობაზე კი ოპოზიციისა და უფლებადამცველთა ნაწილი ეჭვს გამოთქვამს.

1-ელ აპრილს მესამე მოსმენით პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები ტელე და რადიომაუწყებლებისთვის. შეზღუდვებს შორისაა უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების საკითხი, ასევე კანონით გაკონტროლდება მაუწყებლების ვებ და სოციალური პლატფორმების შინაარსობრივი მხარე.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ მათ მიერ ინიციირებული ყველა საკანონმდებლო პაკეტი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება.

„ამ კანონპროექტში ჩვენ არც ერთი სიტყვა არ შეგვიცვლია და ის იქნება წარმოდგენილი ისევე, როგორც აშშ-ში. ასევე სამოქალაქო სექტორის მხრივ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათი ჩართულობა სავალდებულო წესით აღარ იყოს გარანტირებული და სამოქალაქო სექტორს არ ჰქონდეს ე.წ. „ვეტოს უფლება“ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებთანაც თანამშრომლობაზე.

[მედიის კანონის] ერთი ნაწილი ემსახურება თვითრეგულირების მექანიზმის პარალელურად, რეგულირების მექანიზმის შემოტანას, ე.წ. BBC-ის სტანდარტის შემოღებას. მეორე ნაწილი კი შეეხება საქართველოში მედიის დაცვას გარე ჩარევებისგან და იცით, რომ მედიას აეკრძალება ნებისმიერი უცხოური დაფინანსების მიღება. ყველაფერი ამის ერთადერთი მთავარი მიზანია, ჩვენ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ასევე დავიცვათ ქვეყანა გარეჩარევისგან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო ბოჟაძემ.

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონებსა თუ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიულად აფასებს და არალეგიტიმურს უწოდებს. გამონაკლისი არც პირველ აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა ჩამონათვალი გახდა.

„FARA სულ რომ სიტყვა-სიტყვით გადმოიწერო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში არის რეპრესიების იარაღი. ნორმალური ხელისუფლების პირობებში შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც აშშ-ში. სხვათა შორის, ესეც აღრეულია – აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეხება, აქ [საქართველოში] კი იმ შინაარსით არ გადმოაქვთ. მედიის შესახებ კანონი სრული კატასტროფაა…

ჩვენი კონსტიტუციის უამრავი მუხლი არის სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიის კონსტიტუციის ანალოგი. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების შესახებ მეორე თავი ანალოგია, მაგრამ არ მუშაობს, არ მოქმედებს და რაც მოქმედებს – ჩვენ საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის არა კანონის ჩამოყალიბებული რედაქცია, არამედ ვინ აღასრულებს ამ კანონს. ხაზს ვუსვამ, საუბარი გვაქვს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან აღიარება არ აქვს“, – თქვა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები მიხეილ ყაველაშვილს ხელმოსაწერად უნდა გაუგზავნოს, რის შემდეგადაც რეგულაციები ძალაში უნდა შევიდეს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები