გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, მოსახლეობა სულ უფრო ხშირად გადის სასეირნოდ ბუნებაში, იქნება ეს თბილისსა თუ მის შემოგარენში არსებულ ტყეებში.
ტასო გეგიამ სოციალურ მედიაში სპეციალური ჯგუფიც შექმნა, სადაც ის მოსახლეობას ლაშქრობისა თუ მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება. ტასო გეგია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც კარგი ამინდები გამოვიდა, ცდილობს ბუნებაში ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრი იაროს.
ქალაქში ტყეების მნიშვნელობაზე საუბრობს ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძეც. მისი თქმით, გარემოს შეცვლა და ბუნებაში მეტი დროის გატარება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ სტრესულ ფონს, გარკვეულწილად, შველის.
თბილისში ტყის ფართობი დაახლოებით 11,900 ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 17% ხელოვნურადაა გაშენებული. მათ შორისაა წყნეთის, კოჯრის, კრწანისის, ხუდადოვის, დიდგორის, ლილოსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტყეები, დენდროლოგიური პარკი.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ დედაქალაქში ტყეების შენარჩუნება და მათი აღდგენა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მისიაა.
ტყე მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობისა და რეკრეაციისთვის, ისე თავად ქალაქისთვისაც. თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ტყეები თბილისს სუფთა ჰაერითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფს. თბილისის ბუნებრივი და ხელოვნური ტყეები კი ადგილობრივ მიკროკლიმატს ქმნის მაღალი ღირებულების ეკოსისტემით.
სწორედ ამიტომ განვითარების რეგიონულ ორგანიზაცია CENN-ში, რომელიც სამხრეთ კავკასიის მასშტაბით გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობს, მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ თბილისის ტყეები უფრო მეტად უნდა დაიცვას.
სახელმწიფოს მიერ მინიჭებული შესაბამისი სტატუსის მიუხედავად, რომლითაც ტყის ტერიტორიაზე იკრძალება მშენებლობა, CENN-ში მიაჩნიათ, რომ არსებული რეგულაციები საკმარისად ეფექტიანი არ არის.
ტყეების განვითარება, მოვლა და აღდგენა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.
შესაბამისად, CENN-ში იმედოვნებენ, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესების მიუხედავად, გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველო კვლავ იმუშავებს, რომ თბილისში ქალაქის განაშენიანება სტანდარტების დაცვით გაგრძელდეს და მაქსიმალურად შემცირდეს სტიქიების გამომწვევი ფაქტორები და რისკები, ხოლო მოსახლეობამ ქალაქის დატოვების გარეშე შეძლოს ბუნებაში გასვლა.
თორნიკე კოპლატაძე