ეკონომიკური ზრდის გასული თვის მონაცემები გამოაქვეყნა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.7%-ით გაიზარდა.
ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტია. უწყების დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, გამართულ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა იმ დარგებზეც, რაშიც ზრდა და კლება შეინიშნებოდა.
„2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ენერგეტიკა, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.
აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
