კატეგორიები

მეხუთე პრეზიდენტის მიმართვა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს

მეხუთე პრეზიდენტის მიმართვა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს

„მიზნის მისაღწევად საჭიროა, ამ ბრძოლას ქუჩის პროტესტთან ერთად და მასთან შეჯერებით პოლიტიკური ფორმაც მიეცეს. ამიტომ შევთავაზე და საჯაროდ ვაცხადებ – შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, პოლიტიკური შეუთავსებლობა გვერდზე გადადონ და გაიზიარონ პროტესტის ორი მიზანი – ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლება.

„წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმსა და მის ქმედებებს, წინ აღუდგეს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების პერსპექტივა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ „ სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს არ აირჩევს“, ის პრეზიდენტის ფიცის ერთგული დარჩება და ქართველი ხალხის ნებასა და ინტერესს დაიცავს.

სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს, 31 მარტი, 2025 წელი Copyright საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდი

„დღეს ეს რეჟიმი სამ ძირითად საყრდენზე დგას: ერთი ოლიგარქის გარემოცვის ფინანსურ ინტერესებია, ისინი კვებავენ რეჟიმს; მეორეა რუსული პროპაგანდა და პროპაგანდისტები, რომლებიც ხალხის მოტყუებასა და დამორჩილებას ცდილობენ; მესამე კი, რუსული ყაიდის ძალადობრივი სისტემაა. მთავარ კითხვაზე, თუ რამდენ ხანს გაძლებს და როგორ დავამარცხებთ ამ რუსულ რეჟიმს და ავტორიტარიზმს, როგორ დავაბრუნებთ ქვეყანას ჩვენ მიერ არჩეულ გზაზე, პასუხი სწორედ ამ საყრდენების დასუსტებასა და ჩამოშლაშია. ეს არის არაძალადობრივი, რთული, ალბათ, გრძელი, მაგრამ საბოლოოდ, წარმატებული გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს. ჩვენი ძალა მშვიდობიანი გზაა. მმართველ პარტიას ძალიან უნდა, გადაგვიყვანოს ამ გზიდან, შეგვიყვანოს ძალადობრივ ჭიდილში და ამით დაგვამარცხოს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება“ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პროტესტის წინააღმდეგ წარუმატებელია.

„ევროპული მომავლისთვის ბრძოლის პროცესში დაიბადა ჭეშმარიტი სამოქალაქო სოლიდარობა და ეროვნული თანხმობა. მეორე მხრივ, მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება, მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია. პროტესტი ვერ გააჩერეს, ხალხი ვერ გააჩუმეს, ვერ ჩაახშეს, ვერ დააშინეს, ვერ დააქუცმაცეს. ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი და უზომო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი არა!“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ამ პროტესტში ახალი, „ძალიან ქართული და ძალიან ევროპული“ საქართველო იბადება.

„საქართველოს ბრძოლა ყოველთვის უთანასწორო იყო შიდა თუ გარე მტერთან, უცხო დამპყრობელთან, მაგრამ საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა, რადგან წინ უძღოდა თავისუფლებისთვის მებრძოლთა მშვიდობიანი ჯარი. დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი დგას რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში, დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას…

ამ მძიმე დროს, ამ უსამართლობასთან ბრძოლასა და გამძლეობაში იბადება ახალი საქართველო – ძალიან ქართული და ძალიან ევროპული. დღეს, ისევე როგორც 1918 წელს და 1991 წელს, ეს არის მყარი საძირკველი, რომ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს დავიბრუნებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები