კატეგორიები

2008 წლის ომის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გრძელდება

2008 წლის ომის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გრძელდება

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მერვე სხდომა, რომელზეც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის საკითხები, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუცია განიხილება.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებამდე 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული მხარის დანაკარგი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს დააბრალა.

„უკვე დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა ისე აწარმოვეს საომარი მოქმედებები, სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ – გეგმა, რომელიც ჩვენმა ღირსეულმა სამხედროებმა შეადგინეს, გვერდზე გადაიდო.

მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს. რატომ აქციეს რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ არ იყო არავითარი გეგმა? რატომ აქციეს ჯარი და ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცად – ამას ვეკითხებით მაშინდელ პოლიტიკოსებს“, – თქვა თეა წულუკიანმა, დროებითი კომისიის თავმჯდომარემ.

კომისიის შემადგენლობამ მოუსმინა ემზარ კვიციანს. ის 2001-2003 წლებში კოდორის ხეობაში პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. კითხვა-პასუხის ფორმატის დაწყებამდე მან კომისიის შემადგენლობას სხდომაზე დაბარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ბევრი რამ გამოაშკარავდება“.

„დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ და შედგა ის, რასაც ამდენი წელიწადი ველოდებოდი. [კომისიის] შემადგენლობაც ძალიან მაკმაყოფილებს, მაკმაყოფილებს ისიც, რომ არსებობს ყველაფერზე საუბრის საშუალება. ვერაფერი მათქმევინებს იმას, რომ დავხუროთ სხდომა. ამდენი წელიწადი გავიდა და არავისთვის არაფერი არაა საიდუმლო. ყველაფერი უნდა ითქვას ღიად.

აქ იჯდა გაერთიანებული შტაბების უფროსი, რომელიც ამბობდა – „მე რა ვიცოდი ცხინვალში ყოფნისას, კოდორის ხეობაში რა ხდებოდა?“ – ამის თქმა უკვე ტრიბუნალია. სარდალი, რომელიც ომს წამოიწყებს და წააგებს, ის თავს იკლავს, თუ ის, მართლაც, სარდალია და შინაგანადაა ჯარისკაცი…

ამ ყველაფერში ჟურნალისტებიც როლიც, ქალბატონო თეა, ძალიან დიდია. რატომ აქვთ ჟურნალისტებს ამდენი უფლება, რომ საიდანაც გინდა, იქიდან გაგვყიდიან?! ახლა რომ შემოვდიოდი [პარლამენტში], დამხვდნენ და მკითხეს – „საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცე ჩვენება?“ – მეუბნება გუშინდელი „ბღარტი“. მე და თქვენ, ქალბატონო თეა, ახლა სწორედ საქართველოს წარმოვადგენთ, ვინც მათგან ვიცავთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ფრონეს ხეობის ყოფილი გამგებელი გიორგი კაპანაძე. მისი თქმით, რუსული საოკუპაციო ჯარები 7 აგვისტომდეც ბომბავდნენ ქართულ სოფლებს და იერიში მიჰქონდათ მშვიდობიან მოსახლეობაზე. გიორგი კაპანაძემ გაიხსენა 2008 წლის ომის დღეებში რუსი ჯარისკაცებისა და ოსი სეპარატისტების მიერ ჩადენილი დანაშაული.

„[რუსული საოკუპაციო ჯარები] ხუთი ადგილიდან უტევდნენ ქართულ სამშვიდობო ძალებს. ხეთაგუროვის სიმაღლეებიდან უტევდნენ. ნულის თავზე იყვნენ და დასავლეთიდან ურტყამდნენ, ასევე, დვანის მხრიდან ურტყამდნენ. მოიმწყვდიეს [ქართული სამშვიდობო ძალები]. ქართულ მხარეს სულ ჰყავდა ორი „ბეემპე 2“ ტიპის ტანკი, დანარჩენი იყო ავტომატური და ტყვიამფრქვევები. ჩვენმა სამშვიდობოებმა ძალებმა ძალიან გვიან გახსნეს ცეცხლი და რაც შეეძლოთ, ხუთივე მიმართულებას იგერიებდნენ.

6 აგვისტოს, მთელი ღამე ისეთი ამბავი იყო, რომ მე დილით ვერ მოვახერხე გორში ჩასვლა. გორში ჩასვლასა და პროდუქტების ამოტანას ვარჩიე, ბავშვებისა და ქალების ევაკუაცია დამეწყო.

9 აგვისტოს, სოფელ ავნევში დავაყენე სასკოლო ავტობუსი და ვინც მსურველი იყო, გამოვიყვანეთ და ქარელში ჩამოვიყვანეთ. ორივე სოფელში, ნულსა და ავნევში, დაახლოებით 50-მდე მოხუცი დარჩა, არ გამოგვყვნენ. რატომღაც ეგონათ, რომ დაინდობდნენ… გამოყვანის დროს არც ერთი ადამიანი არ დამეღუპა, არც ერთი. დაბომბვისას, სოფლებში იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები იყვნენ, მაგრამ არც ერთი დაღუპული არ მყავდა – არც დაბომბვისას, არც ევაკუაციისას. სოფლებში ვინც დარჩნენ, დახოცეს 11-12 აგვისტოს და შემდგომ რიცხვებში… ზოგი სახლში ჩაწვეს, ზოგი პირუტყვის წართმევის მიზნით მოკლეს. შურა ჯავახიშვილი ძროხის გამო დახვრიტეს და დამარხეს თავის ეზოში, შემდეგ დაიწყო „მაროდიორობა“, შედიოდნენ სხვა ჯგუფები, ეგონათ, რომ განძი ან ჭურჭელი იყო დამარხული, ამოთხრიდნენ, მიცვალებულს მიწას აღარ აყრიდნენ, ტოვებდნენ ასე…“ – თქვა ფრონეს ხეობის ყოფილმა გამგებელმა გიორგი კაპანაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

31 მარტის სხდომაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძეც. 30 მარტს მან საკუთარი გადაწყვეტილება კომისიის შემადგენლობასაც და საზოგადოებასაც გააცნო ტელეეთერით, სადაც თქვა, რომ არ სურს, „ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელ სპექტაკლში“ ჩაერთოს. კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გიორგი თარგამაძეს მიეცემა რამდენიმე დღე გადაწყვეტილების შესაცვლელად, თუმცა მას ჯერჯერობით არ განუმარტავს, სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გადასცემს თუ არა ჟურნალისტის საქმეს პროკურატურას, როგორც ეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში მოხდა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები