ევროკავშირის მოწოდებას – მოქალაქეებმა ომის რისკთან დაკავშირებით 72-საათიანი მარაგი იქონიონ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეხმაურება.
მისი თქმით, ბრიუსელი უკრაინის მხარდაჭერით ომის გაგრძელებას უწყობს ხელს. ვიქტორ ორბანის თანახმად, ომისთვის მზადება საომარი მოქმედებებისთვის მზადების ტოლფასია და მიიჩნევს, რომ სასწრაფო დახმარების მარაგის შესახებ წინადადება ბლოკის ომში უფრო აქტიურ ჩართულობაზე მიანიშნებს.
„სასაცილოა, რომ ბრიუსელი ყველა ევროპულ ოჯახს საკვების 72-საათიანი მარაგის შენახვას ურჩევს. რისთვის ემზადებიან?“ – ამბობს ვიქტორ ორბანი.
ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპისგან განსხვავებით მშვიდობის მხარესაა, აშშ-მა და გაერთიანების ლიდერებმა საომარი სტრატეგიის შემუშავების ნაცვლად შეერთებული შტატების ძალისხმევას უნდა დაუჭირონ მხარი.
„ჩვენ დიდი ტრანსატლანტიკური ბზარის მოწმენი ვართ. აშშ მშვიდობის მხარესაა, ისინი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ დროს ევროპული ქვეყნები ომის გასაგრძელებლად მუშაობენ და დავობენ ამ თემაზე. დონალდ ტრამპის მოსვლამდე, იმავეს აკეთებდნენ ამერიკელებიც. ამერიკელები და ევროპელები ერთ აზრზე იყვნენ. ისინი ომის მხარდაჭერას ემხრობოდნენ.
აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობა ამას უკან იტოვებს და ამბობს, რომ მათი მიზანი მშვიდობის დამყარებაა. ვფიქრობ, სხვა არაფერს უნდა ვაკეთებდეთ, თუ არა მთელი ძალით ვუჭერდეთ მხარს აშშ-ის ძალისხმევას. ამის სანაცვლოდ, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა შეერთებული შტატების ნების საწინააღმდეგოდ საომარ სტრატეგიაზე მუშაობს. მოდით, თვალი გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ აშშ უფრო დიდი და უფრო ძლიერია და მას მშვიდობის მიღწევისა და შენარჩუნების უკეთესი შანსები აქვს. ასე რომ, თუ გსურთ მშვიდობა – მხარი დაუჭირეთ ამერიკელებს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანი არ იზიარებს ევროპელი ლიდერების ნაწილის მოსაზრებას, რომ კონტინენტს ომი ემუქრება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები არ შეეხება ბუდაპეშტს, ვარშავასა და ბალტიის ქვეყნებს, რადგან მიიჩნევს, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოს თავს არავინ დაესხმება.
ევროკომისიის მიერ 27 მარტს გასაჯაროებული სტრატეგია 30 კონკრეტული ნაბიჯის ჩამონათვალს მოიცავს და კრიზისული სიტუაციებისთვის მოქალაქეების მზადყოფნის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოიმარაგონ წყალი, საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები, რაც მინიმუმ 72 საათის განმავლობაში ეყოფათ. ეს კი ისეთი შემთხვევებისთვის, როგორებიცაა: ომი, კიბერშეტევა, პანდემია და სხვა.