კატეგორიები

გრძელდება მაღაროელების პროტესტი თბილისსა და ჭიათურაში

გრძელდება მაღაროელების პროტესტი თბილისსა და ჭიათურაში

„საჭიროა სწრაფი რეაგირება, 3620 ოჯახი მშიერი დარჩა“, – ამბობს მაღაროელი სიმონ მიქაცაძე.

ჭიათურელი მაღაროელები უმძიმეს ვითარებაზე საუბრობენ და უკვე 29 დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ. მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ მათმა პროტესტმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლა. მაღაროელებს სურდათ, იმ სამუშაო ჯგუფში ჰყოლოდათ წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და ჭიათურაში არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობს.

ამ ჯგუფში არ არიან ისინი, ვისაც ეს პრობლემები ყველაზე მეტად ეხება, თავად მაღაროელები. როგორც ამბობენ, მათ პროტესტსაც სწორედ ეს იწვევს. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დასაქმებულთა გაერთიანებისა და პროფკავშირების წევრები.

მაღაროელებმა 28 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გაიგეს, რომ ამ ჯგუფმა მათთვის იანვრის სახელფასო დავალიანების 60%-იან დაფარვაზე იმსჯელა. ეს ინიციატივა პროფკავშირებს ეკუთვნის. თუმცა ჭიათურიდან თბილისში პროტესტისთვის ჩამოსული მაღაროელები აცხადებენ, რომ პროფკავშირების წარმომადგენლებს არ ენდობიან და ისინი სამუშაო ჯგუფში მათ ინტერესებს არ წარმოადგენენ.

ჯანდაცვის სამინისტროში ევრონიუს ჯორჯიას უთხრეს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 27 მარტს შედგა, თუმცა მიზეზს თუ რატომ არ ჩართეს მაღაროელები ამ ჯგუფის მუშაობაში, უწყებაში არ ასახელებენ. თავად პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ვერ ჩაერთვებოდნენ, რადგან მათ ამის შესაძლებლობას კანონი არ აძლევთ.

28 მარტის აქციაზე იმყოფებოდნენ მაღაროელთა ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. მათ მიაჩნიათ, რომ როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულთა შრომით უფლებებს არღვევს და მაღაროელები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ვერ ახერხებენ, საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერთო.

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში 28 თებერვლიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ 2024 წლის ნოემბერში ჭიათურის მაღაროში მუშაობა შეწყვიტა, თუმცა თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის გადახდასა და სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნებას დაჰპირდა.

თუმცა, როგორც საპროტესტო აქციების მონაწილე მაღაროელები ამბობენ, მათ იანვრიდან ხელფასის 60% აღარ მიუღიათ. 2025 წლის 7 მარტს კი კომპანიამ განაცხადა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები ჭიათურაში აღარ განახლდებოდა.

მაღაროელებმა პროტესტის თბილისში გაგრძელება 24 მარტს გადაწყვიტეს. ისინი ამბობდნენ, რომ სურდათ, ხელისუფლებას მათი ხმა გაეგო და მათთვის უმძიმესი სოციალური პრობლემების შესახებ მოესმინა. ჯერჯერობით პროტესტის მონაწილეებს ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია.

გარდა სახელფასო ვალდებულებების შესრულებისა, მაღაროელთა კიდევ ერთი მოთხოვნაა, ჭიათურიდან გავიდეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და საწარმოო პროცესები სახელმწიფომ გადაიბაროს. მაღაროელთა პროტესტი კი გრძელდება როგორც თბილისში, ისე ჭიათურაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები