მთავარისაქართველოდემონსტრაციების 121-ე დღე

დემონსტრაციების 121-ე დღე

უწყვეტი პროევროპული დემონსტრაციების 121-ე დღეს „ქართული ოცნების“ სადავო საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქცია ამ კომისიაზე 2008 წლის ომის ვეტერანების მოსმენის გამო დაიგეგმა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ „ვეტერანები ბოდიშს არ იხდიან“ და „მოღალატეები გმირებს ვერ გაასამართლებენ“. მათ თანახმად, სხდომის მიმდინარეობისას არალეგიტიმური კომისიისა და მისი თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის წარსულისა და გმირების შეურაცხყოფის ტოლფასია.

თავდაპირველად აქციის მონაწილეებს პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, რასაც საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თუმცა, დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვა შეძლეს. მათ შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებიც.

შსს-ს ცნობით, აქციაზე ორი აქტივისტი, თამარ კურატიშვილი და ლილუ შაველაშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებისას თამარ კურატიშვილს თან ჰქონდა ბანერი წარწერით „ანწუხელიძე უკვდავია“.

„არის თემები, რომლებზეც ქართველი ხალხი ბრაზდება მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. აგვისტოს ომი ერთ-ერთი ასეთი საკითხია. მითუმეტეს, ანწუხელიძის სახელი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და ზუსტად ამას შეეხო დღეს რეჟიმი“, – ამბობს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე ლევან ღამბაშიძე.

„ჩვენი სამართალდამცავები ანწუხელიძის ხსოვნისა და გმირობის დაცვის ნაცვლად იცავენ თეა წულუკიანსა და რუსულ მთავრობას. ეს ადამიანები წესით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს გმირებს, მათ ხსოვნას უნდა ემსახურებოდნენ“, – აცხადებს აქციის მონაწილე ცირა ჟვანია.

აქციაზე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

28 მარტს პარლამენტში დაკითხეს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა.

სხდომის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოდან გამოსულ ავტომობილებს შეძახილებით შეხვდნენ. როგორც ცნობილია, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მმართველი პარტია გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს რიგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend