მთავარისაქართველო„ნაციონალური მოძრაობა“ და “მისი სატელიტები” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ" - მამუკა...

„ნაციონალური მოძრაობა“ და “მისი სატელიტები” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნება“ გეგმავს, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. მისივე თქმით დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მმართველ პარტიას ამისთვის „მყარ საფუძველს“ მისცემს.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორც ის უწოდებს, მისი სატელიტი პარტიები მონაწილეობას არათუ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვერ მიიღებენ.

ამასთან, მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მანდატი 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება.

„საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები, ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ. საბოლოოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების, ევროპული მომავლის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნების რეალურ პერსპექტივებზე.

ამავე დროს, ამ გადაწყვეტილების გარეშე, შეუძლებელია გაჩნდეს რეალური, საქმეზე, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით. წარსულის ცოდვებით დამძიმებულ ე.წ. პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ვერც კი ფიქრობენ პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტებად შემოსვლასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან იციან, რომ მინიმალურ კონკურენციასაც კი ვერ გაუწევენ უცხოელპატრონიან და გარედან დიდი თანხებით დაფინანსებულ ვითომ პოლიტიკოსებს.

შეგახსენებთ, კოლექტორი “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend