თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში პოლიციამ დაარბია ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები, რომლებიც დაკავებული მერის, ექრემ იმამოღლუს, მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
უკვე ერთი კვირაა, ათასობით ადამიანი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას ითხოვს. 25 მარტის საღამოს გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე ისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები და ფრიალებდა თურქეთის დროშები.
ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მიჩნევენ.
თურქეთში მის დაპატიმრებას საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს, რამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

მთავრობა ამტკიცებს, რომ თურქეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და თავისუფალია პოლიტიკური ზემოქმედებისგან.
ექვსი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მასობრივი პროტესტი სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს, გათავისუფლების მოთხოვნით. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომიტინგეები გააფრთხილა, არ გადასცდენოდნენ ზღვარს.
„მივმართავ ყველას! მათ უნდა იცოდნენ ზღვარი, შეინარჩუნონ ზომიერება და არ გადაკვეთონ ზღვარი სამართლებრივ მოთხოვნებს, შეურაცხყოფასა და ვანდალიზმს შორის. ისინი, ვინც ქუჩაში ტერორს თესავს და სურს, ქვეყანა ცეცხლში გახვიოს, ვერსად წავლენ. მათი გზა ჩიხია“, – განაცხადა ანკარაში გამართულ იფთარის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ექრემ იმამოღლუს ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის მართვა, ქრთამის აღება, გამოძალვა, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერა და ტენდერების თავის სასარგებლოდ გამოყენება. ოპოზიციის ლიდერი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც მის პატიმრობაში დატოვებას ითვალისწინებდა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, არ დაკმაყოფილდა, თუმცა გრძელდება სისხლისსამართლებრივი დევნა.
მის დაკავებას უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში თურქეთში ქუჩის დემონსტრაციების ყველაზე მასშტაბური ტალღა მოჰყვა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გარშემო არსებულ შეშფოთებას.
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანტას. მათ განიხილეს აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების, რეგიონში არსებული საერთო ინტერესებისა და ორმხრივი ვაჭრობის ზრდის პერსპექტივის საკითხები.
მათი შეხვედრა იმ დღეს შედგა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწია შავ ზღვაში უსაფრთხო სანავიგაციო წესების უზრუნველსაყოფად. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა საუდის არაბეთში უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ სამდღიან მოლაპარაკებებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ზავის მიღწევას ისახავდა მიზნად.