მთავარიევროპაბელარუსი„თქვენი პრეზიდენტი არასოდეს დაგტოვებთ” - ლუკაშენკას მეშვიდე ფიცი

„თქვენი პრეზიდენტი არასოდეს დაგტოვებთ” – ლუკაშენკას მეშვიდე ფიცი

ალექსანდრ ლუკაშენკასთვის დიდი დღეა. მეშვიდედ საპრეზიდენტო ფიცს ბევრი არ დებს. გზის პომპეზურად გავლისა და ხანგრძლივი აპლოდისმენტების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მისი გაპრეზიდენტება ხალხის ნებად შეაფასა და პრეზიდენტის მოწმობაც გადასცა. ლუკაშენკას ამის გარეშეც ცნობენ, ქვეყანაშიც და მის გარეთაც, რადგან პოსტს 1994 წლიდან იკავებს. თუმცა მოწმობა ინაუგურაციის ტრადიციაა, ისევე როგორც დარბაზში საგანგებოდ შემოტანილი კონსტიტუცია, რომლის დარღვევაშიც პრეზიდენტს 2020 წლის შემდეგ განსაკუთრებით ადანაშაულებენ.

„ამ საზეიმო დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ბელარუსი ხალხის ნებით რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ გრეგოროვიჩ ლუკაშენკა აირჩიეს. ამომრჩევლებმა გააზრებულად მისცეს ხმა მას, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობებში”, – აღნიშნა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იგორ კარპენკომ.

ამ განცხადებაში ცესკოს თავმჯდომარეს ბევრი მოედავებოდა, თუმცა ოპონირებისთვის სივრცე ბელარუსში მნიშვნელოვნად შეიზღუდა. 5 წლის წინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი შედეგების მიტაცებაში დაადანაშაულეს, იყო მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც ომონმა ძალადობრივად ჩაახშო. დისიდენტების ნაწილი კი საპატიმროში, ნაწილი კი ემიგრაციაში წავიდა. მათ შორის მთავარი ოპოზიციონერი, სვეტლანა ციხანოვსკაიაც. ის ქვეყანაში დარჩენილებს 2025 წლის არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდა. მოქმედი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მე-7  ვადითაც  ხმათა 85%-ის მოგროვება მოახერხა. თვლის, რომ არჩევნების ბელარუსულ მოდელს მსოფლიომ უნდა მიბაძოს.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ მორიგი ისტორიული გზაჯვარედინი გავიარეთ – თავდაჯერებულად და ბრძნულად. ისე, რომ არ გადავუხვიეთ გზას, რომელსაც 30 წელია ვადგავართ, ესაა მშვიდობის გზა, ეროვნული ერთობისა და პატრიოტიზმის გზა, სამართლიანობისა და ყველასათვის განსაზღვრული შესაძლებლობების გზა – ამას ვეძახით სახელმწიფოს ხალხისთვის. ესაა ბელარუსის გზა. ჩვენ შევქმენით სუვერენული სახელმწიფო, რითაც უნდა ვიამაყოთ. ვინ იცოდა ბელარუსის შესახებ, არავინ, ვის ვაინტერესებდით, არავის. დღეს ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში ჟღერს და მოგვენიჭა მნიშვნელობა. ჩვენი დამოუკიდებლობა ყველას გულზე არ ეხატება, ისევე როგორც ჩვენი ღია და გულწრფელი პოზიციები საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვაჩვენეთ ელექტორული სუვერენიტეტი საქმეში, ჩამოვაყალიბეთ არჩევნების ჩატარების სტანდარტი, რომელიც შეიძლება იქცეს საერთაშორისო ეტალონად”, – თქვა ინაუგურაციაზე ალექსანდრ ლუკაშენკამ.

ალექსანდრ ლუკაშენკას ინაუგურაციის ცერემონია, მინსკი, ბელარუსი, 25 მარტი, 2025 წელი Copyright Belarus Presidential Press Service via AP

2025 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა დასავლური დემოკრატიებისთვის სადავოდ რჩება, რის გამოც  პრეზიდენტ ლუკაშენკას ბევრი მილოცვა არ მიუღია. არჩევნებში მას ჰყავდა 4 ოპონენტი, რომლებიც მის მიმართ ღია ლოიალობით გამოირჩეოდნენ. მათ დღეს მონაწილეობისთვის მადლობაც მიიღეს, თუმცა არა მხოლოდ მათ.

„თქვენი დამსახურებით ვაჩვენეთ სუფთა კონკურენცია: შიდა ინტრიგების, მანიპულაციების გარეშე გარე ძალების მხრიდან. მადლობა მათაც, ვინც ასეთ პოლიტიკურ დ სამართლებრივ ფორმატში ვერ ჯდება, თუმცა საზღვარგარეთიდან გვასწავლის ცხოვრებას, დასავლური დემოკრატიისგან გრანტების გამომუშავების პროცესში.

ტრამპის ახალი ადმინისტრაციის გამოძიებამ გამოავლინა USAID-ისა თუ სხვა ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევები სახელმწიფო გადატრიალებებსა თუ ფერადი რევოლუციების მოწყობაში. ეს 2020 წელს ბელარუსშიც სცადეს, ჩვენ ამით უფრო გავძლიერდით. თქვენ არ გაქვთ და ვერ გექნებათ მხარდაჭერა, არ გაქვთ მომავალი, თქვენ და თქვენს კურატორებს არაფერი გაქვთ ჩვენი ერთობის წინააღმდეგ. მეტსაც გეტყვით, ნახევარი მსოფლიო ოცნებობს ჩვენნაირ დიქტატურაზე, რეალური საქმეებისა და ინტერესების დიქტატურაზე. სიტყვის თავისუფლებასთანაც ყველაფერი რიგზე გვაქვს.

დემოკრატია ჩვენთან იმაზე მეტია, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის ეტალონებად ასაღებენ თავს. ბელარუსში  ყველას აქვს უფლება კონსტიტუციურად გამოხატოს სათქმელი, თუმცა არაა საჭირო იმის განადგურებისკენ მოწოდება, რაც თაობებმა შექმნეს. არ მოგცემთ უფლებას გამოიყენოთ სიტყვის თავისუფლება საკუთარი ქვეყნის გასანადგურებლად”, – აღნიშნა ინაუგურაციაზე ალექსანდრ ლუკაშენკამ.

„თქვენი პრეზიდენტი არასოდეს დაგტოვებთ” – ასე დაასრულა მეშვიდე საინაუგურაციო სიტყვა ალექსანდრ ლუკაშენკამ მას შემდეგ, რაც ბევრი ისაუბრა ფსევდოლიბერალიზმსა და ნატოს მცდელობაზე ჩართოს ბელარუსი ომში. არ დავიწყებია საუბარი არც „ძმურ რუსეთსა” და „დიდ ჩინეთთან” მეგობრობაზე. მან თქვა, რომ მომავალ წლებში ის პრიორიტეტების შეცვლას არ გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend