საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით წარდგა.
მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დგას. სალომე ზურაბიშვილის თანახმად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მოსკოვიდანაა ორკესტრირებული და მისი მიზანი შავ ზღვასა და კავკასიაზე კონტროლის დამყარებაა. ამასთან ერთად მე-5 პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ზურგი აქცია ერის ისტორიულ არჩევანს – გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და საქართველოში ქვეყნის მართვის რუსული მოდელის აღდგენას იწყებს.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას მშვიდობიანი ალტერნატივა არ გააჩნია. ზურაბიშვილის თქმით, „თუ ჩვენ დავუშვებთ საქართველო დაბრუნდეს რუსეთის ხელში, ეს არ იქნება ტრაგედია მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის, არამედ სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის“.
„ევროკავშირმა მეტი მხარდაჭერა უნდა გამოთქვას იმ ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავლის მიმართ, რომელიც მმართველ პარტიასა და საპროტესტო მოძრაობას შორის არსებულ დაპირისპირებას მოაგვარებს. დაპირისპირებას, რომელიც უკვე მე-5 თვეა გრძელდება. ეს გამოსავალი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ამის მშვიდობიანი ალტერნატივა არ არსებობს. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სრულად მართვის რუსულ მოდელზე გადავა და ეს იქნება მსოფლიოს ამ ნაწილში ევროპული პოლიტიკის მარცხი. მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ათწლეულების განმავლობაში იხარჯებოდა ევროპის რესურსი და ძალისხმევა.
Speech at the Plenary Session of the Parliament of the Republic of Lithuania
https://t.co/BiiBmkJHIh— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 25, 2025
თუ ევროპა, რომელიც საკუთარი ძლიერი მხარეებისა და ავტონომიის ხელახლა აღმოჩენას ცდილობს, ვერ შეძლებს პროევროპული მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას, რომელიც მისი როგორც კანდიდატი ქვეყნის მიერ არჩეული გზაა; თუ ევროპა ვერ მართავს საკუთარ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და დაუშვებს, რომ უმცირესობამ მისი პარალიზება მოახდინოს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პრობლემა საქართველოს ცდება და ეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სანდოობაზეც იქონიებს გავლენას, ისევე როგორც მის გაფართოების პოლიტიკასა და სურვილზე, გახდეს ძლიერი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა.
ლიეტუვას ეს ყველაზე კარგად ესმის. თქვენ იცით, რას ნიშნავს, წინ აღუდგე რუსულ ბატონობას. იცით, რომ დემოკრატია ისე არ მოდის და მისთვის ბრძოლაა საჭირო. თქვენ დაამტკიცეთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია. ამიტომ აქვს საქართველოს ლიეტუვის იმედი, ამიტომ გვაქვს ევროპის იმედი. თუ ერთად დავდგებით, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს გადარჩენას შევძლებთ, არამედ შევინარჩუნებთ ევროპის მთლიანობასა და უსაფრთხოებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.