„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე უარის თქმა მამუკა ხაზარაძისთვის, შესაძლოა, პროკურატურაში დაბარების მიზეზი გახდეს. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა „საცირკო წარმოდგენად“ შეაფასა კომისიის საქმიანობაც და სხდომაც, სადაც ის ბესიკ ხარძიანისა და ჯემალ ლეონიძის საქმეებზე გამოსაკითხად იყო დაბარებული, როგორც ორივე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი.
საქმის პროკურატურისთვის გადაცემის ინიციატორისა და კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, მამუკა ხაზარაძემ საგამოძიებო კომისიის წინაშე ვალდებულება არ შეასრულა, რითაც წულუკიანის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი დაარღვია.
25 მარტის სხდომაზე დასასწრებად სამსაათიანი დრო მიეცა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძესაც. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მისგანაც უარი მიიღო, თუმცა, ამ შემთხვევაში, საქმე პროკურატურას არ გადასცემია.
„დასანანია, რომ მამუკა ხაზარაძე იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც ჯემალ ლეონიძე გვიამბობდა, ამ ყოველივეს სიტყვიერად შეურაცხყოფს და უწოდებს ცირკს და ის მოსვლას არ აპირებს. მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა და არ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანი, აპირებდა მოსვლას, თუ არ აპირებდა. აქ ეჭვი არ არსებობს. აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებულები.
არსებობს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლი. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელი, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობაც მხოლოდ იმისთვის, რომ უარს იტყვი გამოცხადებაზე, დოკუმენტის წარმოდგენაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.
ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებაში კომისიის სხდომაზე იძულებით დაბარებას „ქართული ოცნების“ მიერ ოპონენტთა დევნად და შურისძიებად აფასებენ. კოალიციის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ძლიერმა საქართველომ“ მმართველ პარტიას რამდენიმე რიტორიკული შეკითხვაც დაუსვა – მაგალითად, რატომ დაიწყო 15 ან 20 წლის წინანდელი საქმეების გამოძიება „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის მე-13 წლისთავზე?
„რაც მთავარია, რატომ არის დღეს, მაღალ თანამდებობაზე წამოსკუპებული ყველა ის პირი, რომლებსაც პირდაპირ მიუძღვის პასუხი მის პატიმრობასა და მის ქონებრივ პრობლემებში? აქ იგულისხმება შსს-ს თანამშრომელიც, მაგრამ მთავარი – მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელსაც ხელს თვითონ ადებს და რომელიც დღეს დაწინაურებულია, ის არის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე. მოსამართლე ლომთათიძე, რომელმაც ის პატიმრობაში გაუშვა, რომელიც იმის შემდეგ დაწინაურდა და დღეს არის შუა რგოლის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.
„13 წელია, ეს ხალხი ხელისუფლებაშია და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე, რაღაცები მომხდარა 13-15-17 წლის წინ. რა თქმა უნდა, სამართალთან, რამის გულწრფელად გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ, ახალი შაპიტო მოიფიქრეს და იმ ცირკსა და შაპიტოში გვეპატიჟებიან, რომ მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუ რამის გამოძიება უნდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას” და ღმერთმა უწყის რამდენი ათეული მილიონი გადაურიცხა, 7 ნოემბრის დარბევის შემდეგაც რომ აფინანსებდა, ეს გამოიძიეთ, თუ მაგრები ხართ.
რა თქმა უნდა, არაფრის გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. ჩვენს კოალიციაში ხედავენ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას. რა მოგვიხერხონ, არ იციან და ახლა ასე გვემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მუქარების არავის ეშინია. არც ციხის გვეშინია, არც დაპატიმრების მუქარის და არც იმ რეპრესიების, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ არის გაჩაღებული, ან რა რეპრესიების გატარებასაც გეგმავთ. ასე რომ, თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით, გავიბზარებით და შევშინდებით, იქ ვერ მოხვდით ჩემო ბატონო, სხვა მისამართზე მოხვდით. თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
„ძლიერი საქართველოს“ პოზიციას იზიარებენ სხვა ოპოზიციური გაერთიანებებიც. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი „ქართულ ოცნებას“, მართლაც, სურს გამოიძიოს ყოფილი ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა საქმეები, მაშინ ის პირებიც უნდა გამოჰკითხოს, ვინც მაღალ თანამდებობებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც იკავებდა და ახლაც.
„„ოცნების“ მიერ ინიციირებული დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს, არის არა მართლმსაჯულების აღსრულებისა და დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენის რეალური გზა, არამედ მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი.
„ოცნების“ პოლიტიკური ნება სამართლიანი გამოძიება რომ იყოს, კომისიამ, პირველ რიგში, უნდა დაიბაროს და გამოჰკითხოს „ოცნების“ ის წევრები და მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან/და აფინანსებდნენ.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „ოცნების“ ცრუ პროპაგანდის საპირწონედ“, – წერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – გახდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საპარლამენტო კომისიაში მისვლაზე უარის თქმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის მიზეზი.