24 მარტის საღამოს, გერმანიის საგარეო უწყებამ პლატფორმა X-ზე გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის მთავრობამ ქართველი მაღალჩინოსნების ნაწილს გარკვეული სანქციები დაუწესა.
უწყების განმარტებით, ეს არის დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შესვლაზე, იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში პროტესტის ჩახშობაზე.
„თითქმის სამი თვეა, ქართველი ხალხი დემონსტრაციებს მართავს ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსის წინააღმდეგ. ისინი კვლავ არიან დაშინების, დაკავებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე. დღეს, გერმანიამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შემოსვლაზე იმ ქართველი თანამდებობის პირებისათვის, რომლებიც პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები“ – წერია გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
For nearly 3 months, the people of #Georgia have been protesting in favour of a future in the EU & against the course of the 🇬🇪 leadership. They continue to face intimidation, arrests & violence. Today, 🇩🇪 imposed further entry bans on 🇬🇪 officials responsible for the crackdown.
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) March 24, 2025
სანქცირებულ პირთა ვინაობა და ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. 24 მარტის განცხადებამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 31 დეკემბერსაც გაავრცელა ოფიციალური ცნობა ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. მაშინ სანქციების 9 პირს შეეხო.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე. მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა დაუწესონ ქართველ მაღალჩინოსნებს, სანქციები, რადგან ევროკავშირის ერთობლივ გადაწყვეტილებებს უნგრეთი ბლოკავს.
გერმანიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი. სწორედ ის არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ წარმდგენი. კონგრესმენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოში წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.
„ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ. მეტი სანქცია მოდის. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“, – წერს კონგრესმენი პლატფორმა X-ზე.
გერმანიის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირებიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია.