მთავარისაქართველო„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქართულად

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქართულად

ერთი კანონპროექტის ორი განსხვავებული აღქმა. „ქართული ოცნება“ ე.წ. „უცხოელი აგენტების“ რეგისტრაციას ამჯერად ახალი კანონით, ე.წ. FARA-თი, გეგმავს.

სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია, რომ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს „ქართული ოცნება“ ავტორიტარული მმართველობის განსამტკიცებლად და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად გამოიყენებს.

მათივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი „სიტყვა-სიტყვითი თარგმანი“ სულაც არაა ამერიკული FARA-ს დედნის ასლი.

მაგალითად კი მოყვანილია 1938 წელი, როცა ვაშინგტონმა კანონი გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების სახელით მოქმედი ლობისტური და საკონსულტაციო კომპანიების ასაკრძალად მიიღო და არა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიებისა, როგორც ამას, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, თბილისი გეგმავს.

„ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს, ისევე როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიციირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა.

ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული „ფარას“ პირდაპირ თარგმანს აინიციირებს. აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევის, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.

უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებასა და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი მისი არც ერთი ფორმით არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი.

შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული – ვემსახურებით ქართველ ხალხს“, – წერია 102 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

„მორიგ პროპაგანდისტულ ხერხად“ აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე 102 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას. მათ, ვისაც ეს კანონი არ მოსწონს, შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსკენ ამისამართებს.

„კანონების სტიგმატიზება – „რუსული კანონი“ და ა.შ. ბოლო პერიოდში კარგად ვხედავთ, რომ საქართველოში მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთი არ არის. ვხედავთ ამ ილეთს, როგორ იყენებენ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მათ შორის, ტრამპის წინააღმდეგ. ზუსტად ისინი, ვინც აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“. ეს „ენჯეოები“, ტრამპის ადმინისტრაციასაც და მის ზოგიერთ წარმომადგენელს პრორუსულს უწოდებს. მაგალითად, „მაკკეინის ინსტიტუტი“ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს სექსუალურ მოძალადეს პირდაპირ უწოდებს. ასე რომ ეს არის მეთოდი, რომელიც არა საქართველოში, არამედ მათი დამქირავებლების მიერაა მოფიქრებული, რომლებიც ამ „ენჯეოებს“ აფინანსებენ, რომ რაღაც კანონს ან რაიმე პროცესს შეეწინააღმდეგონ, მიაწებონ „რუსულის“ კლიშე და მორჩა, ამით გაექცნენ დისკუსიას. შეგახსენებთ, რომ შარშან, ოქტომბერში გამოვიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, სადაც მან ჩამოწერა 6 კრიტერიუმი, რა შემთხვევაში იყო ამ ტიპის კანონები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევი. არცერთი ამ 6-დან ქართულ გამჭვირვალობის კანონში არ არის. სინამდვილეში ეს არის ყალბი პროპაგანდისტული ხერხი, რომელსაც „ენჯეოები“ იყენებენ. მე მათთან კითხვა არ მაქვს, კითხვა მაქვს მათ დონორებთან, ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, სხვა საელჩოებისა თუ დონორების წარმომადგენლებთან – რატომ ახალისებენ ამ დეზინფორმაციულ პროპაგანდას ქართველი ხალხის წინააღმდეგ?“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ინიციატივის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ „ქართული ოცნება“ გეგმავს, 2024 წლის გაზაფხულზე, მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მიღებული ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი გააუქმოს. მმართველი პარტიის განმარტებით, ამ კანონმა „თავისი დანიშნულება სათანადოდ ვერ შეასრულა“. ქუჩის პროტესტის გარდა ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სამართლებრივი გზითაც მოითხოვდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სარჩელის წარდგენიდან 5 თვის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელი 24 მარტს უკან გამოიტანა. მისი ადმინისტრაცია კი წერს, რომ კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე ამტკიცებს, რომ კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი” საქართველოში ძალაში, სავარაუდოდ, აპრილში შევა.

„ქართულ ოცნებას“ ამისთვის პარლამენტში საკმარისი რაოდენობის დეპუტატი და არც ერთი მოწინააღმდეგე არ ჰყავს.

კითხვაზე, თუ რას აპირებს სამოქალაქო სექტორი, ისინი ამბობენ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებასა და საქმიანობას არ აპირებენ, რადგან რუსული სტილის კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასდროს იქნება საქართველოს არჩევანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend