მთავარიევროპათურქეთისაპროტესტო აქციის მასშტაბური დარბევა სტამბოლში

საპროტესტო აქციის მასშტაბური დარბევა სტამბოლში

სტამბოლში 23 მარტის ღამით საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარბევა იყო – ქალაქის მერიის შენობასთან გამართული აქციისას, დემონსტრანტებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა.

საპოლიციო დანაყოფებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, აქციის მონაწილეთა ნაწილი კი ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმები დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბოლის მერი, ბოლო კვლევებით, თურქეთის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი, ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და „ქურთების მუშათა პარტიის“ დახმარების ბრალდებით დააკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დემონსტრაციების ჩატარება ოთხი დღით აკრძალა, მისი დაკავების დღიდან, 19 მარტიდან დღემდე, სტამბოლში ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე გამოდის ქუჩებში.

ბოლო 5 დღის განმავლობაში თურქეთის პოლიციამ 700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ექრემ იმამოღლუ უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

„იმამოღლუს დაკავება უსამართლო და უკანონოა. ეს კაცი საქმეს თავს კარგად ართმევს. ყველაფერი სამთავრობო „ტროლებისა“ და პრეზიდენტის გამო მოხდა. მათ მიიყვანეს იმამოღლუ ამ მდგომარეობამდე. მჯერა, რომ იმამოღლუ მომავალში ჩვენი პრეზიდენტი იქნება და ის თურქეთის ლიდერი გახდება. ის იქნება კანონისა და სამართლიანობის მხარეს, მშრომელების, პენსიონერების, კაცობრიობის მხარეს. სხვა არაფერია სათქმელი, ესაა ის, რისი თქმაც მინდა“, – ამბობს ოპოზიციის მხარდამჭერი, ნაზიმ დოგანი.

ოპოზიციონერთა შეფასებით, ექრემ იმამოღლუ ხელისუფლების დავალებით დააკავეს. ისინი მიიჩნევენ, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიზანი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი მეტოქის ჩამოშორებაა. თუმცა ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს.

თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 23 მარტს პრაიმერიზი ჩაატარა და 2028 წლის არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად, სწორედ ექრემ იმამოღლუ დაასახელა.

„მოვლენები გვიჩვენებს, რომ თურქეთში უკანონობა და უსამართლობაა. თუ იმამოღლუს რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ის საზოგადოებისგან ამხელა მხარდაჭერას ვერ მიიღებდა. ის ადრეც იყო მერის თანამდებობაზე. ვიღაც, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა და მას საზოგადოებაც უჭერს მხარს. ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ეს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეთქმულებაა“, – ამბობს ოპოზიციის მხარდამჭერი, საბუტაი აქტასი.

სოლიდარობის ნიშნად, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ადგილობრივმა თურქებმაც გამართეს აქცია ერდოღანის წინააღმდეგ.

თურქეთის სასამართლომ კი საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე, ექრემ იმამოღლუს პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend