გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, რომ 2025 წლის ზაფხული შესაძლოა ბოლო მშვიდი სეზონი იყოს. გამოცემაში პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ მოსკოვისა და მინსკის მიერ ბელარუსში დაგეგმილი სწავლება „დასავლეთი 2025“ შესაძლოა იმით დასრულდეს, რომ რუსულმა არმიამ ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრები გადაკვეთოს.
ბელარუსს მოსაზღვრე ლიეტუვის საზღვართან არაერთხელ ჩაუტარებია სამხედრო სწავლება. თავად ქვეყნის ტერიტორიაზე კი 2024 წელს რამდენიმეეტაპიანი სამხედრო წვრთნა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით გამართა. ცნობილია, რომ ერთი წლით ადრე ეს შეიარაღება კრემლს უკვე განთავსებული ჰქონდა ბელარუსის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ბელარუსმა განახლებულ სამხედრო დოქტრინაში შეიტანა ახალი მუხლი, რომელიც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ის სწავლება კი, რომელიც დასავლეთის შეშფოთებას იწვევს, სექტემბერშია დაგეგმილი. ოფიციალური მოსკოვი არ ასაჯაროებს დეტალებს ამ წვრთნების შესახებ, თუმცა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მასშტაბური სწავლება მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.
„სწავლებაში 33 ათასზე მეტი სამხედრო იქნება ჩართული. ნდობისა და უსაფრთხოების აღდგენის ვენის დოკუმენტის შესაბამისად, დამკვირვებლებს შეუძლიათ, დაესწრონ წვრთნებს. ჩვენ ვალდებული ვიყავით და უკვე ვაცნობეთ ვენის დოკუმენტის ხელმომწერ ყველა ქვეყანას, თუ როდის განხორციელდება და რა მასშტაბით ეს სწავლება. ვგეგმავთ, მოვიწვიოთ დელეგაციები ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან“, – აცხადებს ვალერი რივენკო, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი.
ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო კრების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სწავლება „დასავლეთი 2025“ სტრატეგიული შინაარსისაა და მას წინ რამდენიმე კომპლექსური წვრთნა უძღვის. ბელარუსის თავდაცვის მინისტრის აზრით, ეს მანევრები მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. რამდენიმე დღის წინ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამარხზე მინისტრის კომენტარი გავრცელდა.
„განვაცხადეთ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიაზე ვგეგმავთ სამხედრო წვრთნებს – „დასავლეთი 2025“. კონცეფციის შემუშავებაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა მითქმა-მოთქმა უკვე დაწყებულია. ჩვენთვის ცხადია, რა მიზნით კეთდება ეს. ჩვენი ამოცანაა, საქმე გავაკეთოთ. არ უნდა ვიფიქროთ რომ მტერი არ მოვა, უნდა ვიფიქროთ – რით დავუპირისპირდებით მტერს. ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხმა უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი. თუკი არ გვინდა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები იყოს, დღედაღამ პოლიგონზე უნდა გავატაროთ… და ასე ვაპირებთ ზუსტად“, – ამბობს ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი.
პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პუტინს, სავარაუდოდ, არ სურს ევროპაზე თავდასხმა. თუმცა მოსკოვისა და მინსკის მიერ დაგეგმილი სწავლება რომ გამორჩეულია წინა წლების წვრთნებისგან, ამას თავად ბელარუსის მაღალი სამხედრო თანამდებობის პირებიც აღნიშნავენ.
ბელარუსის არმიამ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან „ეს 300“ და „ეს 400“ სარაკეტო კომპლექსები და ასევე ისკანდერ-ემის სისტემის შეიარაღება მიიღო, 2023 წელს ქვეყნის ავტორიტარმა მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ არმია ემზადება რიცხოვნობის 75 ათასამდე გაზრდას, თუმცა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ბელარუსის არმიაში 48 ათასი ჯარისკაცი ირიცხება.
„მოსკოვის სტრატეგიისა და ანალიზის ცენტრის” ინფორმაციით, ბელარუსს საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი 446 ტანკი ჰყავს, ასევე მის შეიარაღებაშია ადგილობრივი წარმოების შორი მოქმედების სარაკეტო სისტემა Полонез-М. საჰაერო ძალები კი დაკომპლექტებულია, ძირითადად, საბჭოთა წარმოების საბრძოლო საშუალებებით, მათ შორისაა რამდენიმე ახალი რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი სუ-30 და მიგ-37.