მთავარისაქართველო„მაღაროელებს სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეთ" - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„მაღაროელებს სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეთ” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს ეხმაურება. ორგანიზაცია „ჯორჯიან მანგანეზს“ მოუწოდებს, კომპანიაში დასაქმებულებს კუთვნილი ანაზღაურება დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს, ამასთან, გამოაქვეყნოს ექსპორტთან, შემოსავლებსა და მოგებასთან დაკავშირებული მონაცემები, რომლებიც საზოგადოებას კომპანიაში არსებული მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას მისცემს და შეწყვიტოს მაღაროელების მასობრივი გათავისუფლების პროცესი.

გარდა ამისა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შრომის ინსპექციისგან „ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული პირების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებზე, შრომის ანაზღაურების დაგვიანებასა და დასაქმებულთა მასობრივ გათავისუფლებაზე რეაგირებას, საქართველოს მთავრობისგან კი, ჭიათურაში არსებული სოციალური კრიზისის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით გამართულ დიალოგსა და კონსულტაციებში მშრომელების უშუალო წარმომადგენელთათვის მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემას ითხოვს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღაროელთა შრომითი უფლებები უხეშად ირღვევა და ეს მაღაროელებისა და მათი ოჯახებისთვის საგანგაშო პრობლემებს წარმოქმნის. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მშრომელების თქმით, ისინი ფაქტობრივად „შიმშილის ზღვარზე“ არიან.

„„ჯორჯიან მანგანეზს’’ მაღაროელებისათვის ამ დრომდე არ გადაუხდია ბოლო ორი თვის კუთვნილი შრომის ანაზღაურება, რაც შრომითი უფლებების უხეში დარღვევაა და საგანგაშო პრობლემებს წარმოქმნის მაღაროელებისა და მათი ოჯახებისთვის. მშრომელებით თქმით, ისინი ფაქტობრივად „შიმშილის ზღვარზე’’ იმყოფებიან.

შრომის ანაზღაურების დაგვიანებამ მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოქმნა ასევე მაღაროელების საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით. შრომის ანაზღაურების დაგვიანება იწვევს საბანკო ვალდებულებების შესრულების დაგვიანებას, რის შედეგადაც იზრდება ბანკისგან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი…

მაღაროელების სასწრაფო მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ მიიღონ კუთვნილი შრომის ანაზღაურება და ასევე მოლაპარაკებები გაიმართოს ბანკებთან, რათა გათვალისწინებული იყოს შეღავათები მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით განპირობებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე.

მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს Chiatura Management Company-ის ახლახან გამოცხადებული გადაწყვეტილება, ეკონომიკურ მიზეზებზე (მათ შორის, მანგანუმის ბაზარზე ფასების სტაგნაცია) აპელირებით შეწყვიტოს ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები. აღნიშნული გადაწყვეტილება მასობრივი გათავისუფლების საფრთხის წინაშე აყენებს დაახლოებით 3500 ადამიანს. მასობრივი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მშრომელებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მიიღეს, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ შრომით უფლებრივ სტანდარტებს. „დასაქმების შეწყვეტის შესახებ” შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის თანახმად, როდესაც დამსაქმებელი განიხილავს დასაქმების შეწყვეტას ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სტრუქტურული ან სხვა მსგავსი სახის მიზეზებით, მან კონსულტაციები უნდა გამართოს მშრომელების წარმომადგენლებთან და მისცეს მათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა მეშვეობით მასობრივი გათავისუფლება შესაძლოა თავიდან იყოს აცილებული ან შემცირებული.

ჭიათურაში შექმნილ მწვავე სოციალურ კრიზისთან დაკავშირებით ახლახან გაიმართა მთავრობასთან არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრა, მთავრობის, გაერთიანებული პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით. კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე. ხაზი უნდა გაესვას, რომ კომისიის შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ „ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული მშრომელების უშუალო წარმომადგენლებს. აუცილებელია მშრომელების უშუალო წარმომადგენლებს – მათ მიერ შერჩეულ პირებს  – მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ ჭიათურაში არსებულ კრიზისსა და მათ ბედ-იღბალთან დაკავშირებით გამართულ სამმხრივი დიალოგისა და კონსულტაციის ყველა შეხვედრაში”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend