„ქალაქი შიმშილის ზღვარზეა”- ასე ამბობენ მაღაროელები, რომლებიც უწყვეტ აქციებს უკვე თბილისში გეგმავენ.
ამბობენ, რომ ჭიათურაში მათმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო და მათი პრობლემებითაც ხელისუფლება არ დაინტერესდა.
24 მარტს ისინი თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს საზოგადოებას.
მაღაროელები ითხოვენ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ სახელფასო დავალიანება დაფაროს, მთავრობამ კი, კომპანია ჩაანაცვლოს და მაღაროების ნაციონალიზაცია მოხდეს. ისინი ჭიათურის ფონდის შექმნას, მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლებისთვის ადეკვატურ და სამართლიან კომპენსაციას, ეკოლოგიური საკითხების მოგვარებასა და უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარებას ითხოვენ.
„გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით მთავრობის კანცელარიასთან და მოგვეთხოვა ის, რაც ეკუთვნის ჭიათურას… დღეს ჭიათურა შიმშილის ზღვარზეა“, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.
კიდევ ერთი მაღაროელი ევრონიუს ჯორჯიასთან ამბობს, რომ „აქ საუბარია მთლიანად რეგიონის პრობლემასა და ქალაქის კვდომაზე“.
„ამხელა განგაშის ზარს ვცემთ ჭიათურაში, ზესტაფონში, თბილისში ჩამოვედით და თითქოს არც არაფერიო, ითვლიან ადამიანების რაოდენობას, რამდენი შეიძლება მოვიდეს აქციაზე“, – ამბობს კოტე აბდუშელიშვილი, აქციის მონაწილე.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს ეხმაურება „სოციალური სამართლიანობის ცენტრიც“. ორგანიზაცია „ჯორჯიან მანგანეზს“ მოუწოდებს, რომ კომპანიაში დასაქმებულებს დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს კუთვნილი ანაზღაურება, გამოაქვეყნოს ექსპორტთან, შემოსავლებსა და მოგებასთან დაკავშირებული მონაცემები და შეწყვიტოს მაღაროელების მასობრივი გათავისუფლების პროცესი. გარდა ამისა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შრომის ინსპექციისგან ითხოვს „ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული პირების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებზე, ანაზღაურების დაგვიანებასა და მასობრივ გათავისუფლებაზე რეაგირებას, საქართველოს მთავრობისგან კი, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღაროელების შრომითი უფლებები უხეშად ირღვევა და მშრომელების თქმით, ისინი, ფაქტობრივად, „შიმშილის ზღვარზე“ არიან.