საქართველოში უკვე 115-ე დღეა, საპროტესტო აქციები გრძელდება. 22 მარტს მარჯანიშვილის მოედანზე “MEGOBARI აქტის” მხარდამჭერი აქცია გაიმართა. იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
„საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ “MEGOBARI აქტი” განსაზღვრავს, ალბათ, უახლოეს წლებში საქართველოსა და აშშ-ის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოს დამოკიდებულებას. ეს აქტი გულისხმობს ისეთ ჩანაწერებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ამ ქვეყნის უმრავლესობის ნებასთან.
საუბარია, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რომ აუცილებელია, საქართველომ გააგრძელოს გზა დემოკრატიის განმტკიცებისკენ; უნდა განახლდეს ევროინტეგრაციის პროცესი, დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს, სამართლიანი არჩევნები უნდა ტარდებოდეს და ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ხელს უშლიან საქართველოს ევროინტეგრაციას, მათ მიმართ უნდა იყოს გამოყენებული ამერიკული სანქციები. ესაა ის მოთხოვნები, რომელთა გამოც ხალხი უკვე 3 თვეზე მეტია, გარეთ დგას“, – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები ეჭირათ ხელში. თბილისის გარდა აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი “MEGOBARI აქტს” 27 მარტს განიხილავს.