მთავარიევროპათურქეთითურქეთში არ წყდება საპროტესტო აქციები

თურქეთში არ წყდება საპროტესტო აქციები

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქისა და ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერის, სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ თურქეთში საპროტესტო ტალღა არ წყდება.

მიუხედავად საზოგადოებრივ შეკრებებზე დაწესებული 4-დღიანი აკრძალვისა, სტამბოლში, მერიის შენობასთან, ექრემ იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი კვლავ შეიკრიბა.

აქციას ესწრებოდა დედაქალაქის, ანკარას მერიც – მან ოპოზიციურ ძალებს უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. სიტყვით გამოვიდა ექრემ იმამოღლუს პოლიტიკური გუნდის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელიც.

სტუდენტებს საპროტესტო აქციაზე უჭირავთ დროშა მუსტაფა ქემალ ათათურქის გამოსახულებით. ახალგაზრდები სტამბოლის მერის დაკავებას აპროტესტებენ. სტამბოლი, თურქეთი, 21 მარტი, 2025 წელი Copyright AP Photo/Emrah Gurel

„ვიწვევ თურქეთის მილიონობით მოქალაქეს – 81 ოლქსა და 973 რაიონში – გამოვიდნენ გარეთ, შემოუერთდნენ დემონსტრაციებს, გამოიყენონ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. მათ, ვინც ამბობს, რომ უპასუხისმგებლობაა, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდო, მსურს ვუთხრა, რომ ქუჩებსა და მოედნებს ჩვენ არ ვავსებთ – ხალხი თქვენმა უკანონობამ და უსამართლობამ გამოიყვანა. მხოლოდ ერთი გაფრთხილება მაქვს, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. თუნდაც, უკანონო ბრძანების გაცემის შემთხვევაში არ ავნოთ პოლიციელებს. პოლიციაზე თავდასხმა ჩვენი მეთოდი არ არის. თუ გაიცა უკანონო ბრძანება, რომელიც გზას გადაგვიკეტავს, რა თქმა უნდა, მაინც გავივლით ისე, რომ არ დავაზიანებთ არცერთ პოლიციელს თუ საჯარო მოხელეს. თუ უკანონო ბრძანებით ჩვენ წინაშე ბარიერს აღმართავენ, ჩვენ მას პოლიციისთვის ზიანის მიყენების გარეშე გავარღვევთ“, – მიმართა დემონსტრანტებს თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარემ ოზგურ ოზელმა.

იმამოღლუ საკუთარ პრესმდივანსა და მერიის 100-მდე თანამშრომელთან ერთად კორუფციის, თაღლითობისა და ტერორისტულ ჯგუფებთან თანამშრომლობის ბრალდებით 19 მარტს დააკავეს.

სტუდენტების მარში სტამბოლში, თურქეთი, 21 მარტი, 2025 წელი Copyright AP Photo/Emrah Gurel

თურქეთის ხელისუფლება მოსახლეობის მიმართ ოპოზიციის მოწოდებებს „უპასუხისმგებლოდ“ და „უკანონოდ“ აფასებს.

მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ რესპუბლიკური სახალხო პარტიის ბრალდებებს, რომ სამართლებრივი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ამტკიცებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს.

თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი აცხადებს, რომ რესპუბლიკური სახალხო პარტიის პრობლემები სახელმწიფოს პრობლემები არ არის.

„ოპოზიციის მცდელობა, თავიანთი შიდა კონფლიქტები თუ იურიდიული პრობლემები ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევებად წარმოაჩინოს, თვალთმაქცობის უმაღლესი მწვერვალია. იქნება ეს დიპლომის საკითხი, კორუფცია თუ თაღლითობა – ოპოზიცია ბრალდებებს ვერ უარყოფს. ამის სანაცვლოდ, მხარდამჭერების პროვოცირებისა და საზოგადოების მოტყუების მიზნით პოლიტიკური ლოზუნგებით შემოიფარგლებიან. ამ უაზრო დისკუსიაზე დასაკარგი არც დრო გვაქვს და არც ფული. რესპუბლიკური სახალხო პარტიის პრობლემები სახელმწიფოს პრობლემები არ არის. ეს არის მათ შტაბში მყოფი რამდენიმე ოპორტუნისტის პრობლემა. ოპოზიციის სპექტაკლებზე დროს ვერ დავკარგავთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 53 ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, დემონსტრაციებზე დაშავდა 16 პოლიციელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend