მთავარისაქართველოარჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის სავარაუდო დარღვევის თაობაზე სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს

არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის სავარაუდო დარღვევის თაობაზე სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის სავარაუდო მასობრივ დარღვევას ეხება. ამის შესახებ საიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ „არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი მასობრივად დაარღვია, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს, საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება დაირღვა“. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” არჩევნების შემდეგ ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, თუმცა ორგანიზაციის სარჩელი მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

„საია საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საიამ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამასთან დაკავშირებით საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. მიუხედავად ამისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკომ ვერ უზრუნველყო, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს არ გამოჩენილიყო გაფერადებული წრის კვალი.

ქვეყნის შიგნით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით საიამ მოითხოვა 73 ოლქში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საია დავობდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

ეროვნულ დონეზე საიას სარჩელი მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადი იყო. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საქმის განხილვისას ასევე ჩაატარა კენჭისყრის შემოწმების ექსპერიმენტი. ექსპერიმენტმაც დაადასტურა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. მოგვიანებით, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend