თურქეთში, სტამბოლის მერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკურ მეტოქე ექრემ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
“ვწუხვარ, რომ ჩვენი ერის ნების უზურპაცია ხდება, ამ პროცესში კი ბოროტად იყენებენ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს. ჩვენ ვდგავართ უდიდესი ტირანიის წინაშე. თუმცა მსურს იცოდეთ, რომ ფარ-ხმალს არ დავყრი. სრულიად ერმა უნდა იცოდეს,რომ მყარად ვიდგები. გავაგრძელებ ბრძოლას ამ ადამიანის წინააღმდეგ”, – ეს მიმართვა ექრემ იმამოღლუმ კორუფციის ბრალდებით დაკავებამდე – საკუთარ სახლში ჩაწერა.
ოპოზიციის და კრიტიკული ხმების ჩახშობის რეპრესიული კამპანიის ფარგლებში, პროკურატურამ მერთან ერთად, მისი პრესმდივნის და მერიის 100 -მდე თანამშრომლის დაკავების ორდერიც გასცა.
ხელისუფლების კრიტიკოსების თანახმად, დაკავებების სერია – 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერდოღანის მმართველი პარტიის მარცხს მოჰყვა.
მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს და უარყოფენ ბრალდებებს, რომ ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
მიუხედავად ამისა, დაკავებამდე ერთი დღით ადრე, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე – სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომიც გაუუქმა. რაც ნიშნავს, რომ თურქეთის კანონმდებლის თანახმად, იგი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვერ იყრის.
როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე დღეში, 23 მარტს, მერის რესპუბლიკური სახალხო პარტია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში იმამოღლუს კანდიდატურის დასახელებას გეგმავდა.
პარტიის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის თანახმად, დაკავებების მიუხედავად კენჭისყრა გეგმის შესაბამისად მაინც გაიმართება. მან ოპოზიციასთან დაკავშირებულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ იმამოღლუს დაკავება „ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობაა“.
„ყველაფერი მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც გუშინ, მას დიპლომი უკანონო პროცედურებით გაუუქმეს. ძალიან საინტერესო დღეებს გავდივართ, თუმცა ამასთან, ყველაფერი საშიშად გამოიყურება. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი ხალხისგან. გამჭვირვალედ ვმუშაობთ”, – განაცხადა ექრემ იმამოღლუს მეუღლემ, დილეკ იმამოღლუმ.
ექრემ იმამოღლუ, რომელსაც თაღლითობას, მექრთამეობას და თურქეთში აკრძალულ ,,ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობას ედავებიან, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია. იგი თურქეთის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის მერად 2019 წლის მარტში აირჩიეს – იმამოღლუმ თანამდებობა 2024 წლის მუნიციპალურ არჩევნებშიც განიმტკიცა, როდესაც პრეზიდენტ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი მურათ ქურუმი ხმების 51%-ით დაამარცხა.
მერის დაპატიმრების შემდეგ, თურქული ლირა მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ახლა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, 41 ლირაა.
პროტესტის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებამ გადაკეტა სტამბოლის მიმდებარედ არსებული რამდენიმე გზა და – მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ყველა საზოგადოებრივი შეკრებაც აკრძალა.
მიუხედავად ამისა, 100-ზე მეტი ადამიანი ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გასაპროტესტებლად პოლიციის შენობასთან მაინც შეიკრიბა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაკავება თურქული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.