კატეგორიები

ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული

ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული. მათ ნაწილს საია უწევს სამართლებრივ დახმარებას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს, რადგან ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გავრცელებული განცხადებების ხელმომწერები იყვნენ, ან/და ღიად გამოხატავდნენ უწყებებში მათ მოსაზრებას ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

საია წერს, რომ შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ უწყებაში თანამშრომელთა წინასწარი ინფორმირებისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელთა ნაწილი ავტომატურად გათავისუფლდა, ხოლო ნაწილი – გადაიყვანეს სხვადასხვა პოზიციაზე. ამ დროისთვის დასაქმებულებისთვის უცნობია, რამ გამოიწვია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან, რა კრიტერიუმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა, ვინ უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან.

საია მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებებში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობას არ შეესაბამება და წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით რეპრესიას საჯარო მოხელეების მიმართ. მათივე ცნობით, პროცესი მიმდინარეობს უსამართლოდ, გაუმჭვირვალედ და სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით, „რაც არღვევს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია, რაც აშკარა დისკრიმინაციისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მაგალითია”.

საია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების უკანონო გათავისუფლება და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები