„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სხვადასხვა ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებებს.
ცენტრში მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს, გაუმართლებლად აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და საბოლოოდ მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯას
2025 წლის 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს, „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-სა და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს. ფონდებმა ყადაღის შესახებ სამუშაო პროცესში გაიგეს და სასამართლოს განჩინებები ჯერ არ მიუღიათ.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც საბოტაჟს, უცხოეთის ორგანიზაციების დახმარებასა და ეროვნული უშიშროების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ფინანსების მობილიზებას უკავშირდება.
უწყება აცხადებს, რომ ფონდები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ „კანონსაწინააღმდეგო“ ქმედებებს და სამართალდამრღვევთა მატერიალურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ.
პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, ის, თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
“ჩვენი შეფასებით, ფონდებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობაა, რომელიც ხელყოფს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცულობას და “ქართული ოცნების” მხრიდან ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის აგრესიულ მცდელობას წარმოადგენს”, – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.