პარლამენტთან სეუს სტუდენტური მოძრაობის 24-საათიანი პროტესტი გრძელდება. სტუდენტებთან დღეს, 18 მარტს, მივიდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტებს.
სეუს სტუდენტებმა გუშინ, 17 მარტს, უწყვეტი პროტესტის 110-ე დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება” ყოველდღიურად იღებს რეპრესიულ კანონებს და საჭიროა, სტუდენტებმა როგორც უნივერსიტეტების ფოიეებში, ასევე რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი პროტესტი გამოხატონ.
ახალგაზრდები ითხოვენ იმ აქციის მონაწილეების გათავისუფლებას, რომლებიც როგორც გაზაფხულის ისე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დააკავეს. სეუს სტუდენტების ნაწილი აქამდე უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში 30-ზე მეტი დღის განმავლობაში, შემდეგ კი 30 დღე უნივერსიტეტის გარეთ, ღია ცის ქვეშ აპროტესტებდა სეუს სტუდენტის ირაკლი მიმინოშვილის პატიმრობას, რომელიც ასევე საპროტესტო აქციებისას დააკავეს.
სტუდენტები, რომლებიც პარლამენტთან 24-საათიან პროტესტს განაგრძობენ, ამბობენ, რომ ისინი არ დაიღლებიან და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.