„სოლიდარობისა და საზოგადოებრივი ერთიანობის ჩახშობის მცდელობა“ – ასე აფასებს უფლებადამცველთა ნაწილი საქველმოქმედო ფონდებისა და ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.
პროტესტში მონაწილე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაჯარიმებული მოქალაქეებისა და ასევე დასავლეთ საქართველოში თებერვლის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მიმართულ თანხებს საგამოძიებო უწყებამ „საბოტაჟისა და მტრული საქმიანობის დახმარების“ კვალიფიკაცია მიანიჭა.
პროკურატურის ნაბიჯს იურისტები უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის არც ერთი მუხლი არ კრძალავს მსგავს მატერიალურ დახმარებას.
„უკანონოდ დაკავებულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარება, ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე მოქალაქეებისთვის არაპროპორციული ჯარიმების გადახდა საზოგადოებრივი ფონდების მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ წარმოადგენს უკანონო საქმიანობას და ის არ შეიძლება კონკრეტული პირების დევნის საფუძველი გახდეს. ფონდებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობაა“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა.
დაყადაღებულ ფონდებისა და ორგანიზაციების ნაწილს ჯერჯერობით საგამოძიებო უწყების განჩინება არ მიუღიათ. ისევე როგორც არ მიუღიათ კონკრეტული დასაბუთებული განმარტება, რატომ შეფასდა მათი ქველმოქმედება სამართალდარღვევად.
„[17 მარტამდე] „ადამიანის უფლებათა სახლი“ აგრძელებდა მშვიდობიანი დემონსტრანტების ჯარიმების გადახდას, მათ შორის, ბიუჯეტში ვიხდიდით საშემოსავლო გადასახადსაც. ამაში არაფერი უკანონო არ არის. დეკემბრიდან გვაქვს დრაკონული კანონმდებლობა, დაჯარიმების მხრივ – არც ვიცი, ხელფასს რამდენჯერ აღემატება თითოეული პირის ჯარიმა. შესაბამისად, ეს იყო ერთადერთი საშუალება, ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით. მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის ჯარიმების გადახდა არანაირი კანონის ფარგლებიდან არ გადის. კონსტიტუციიდან გავიდა „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე, როდესაც მან საქართველოს ევროპულ მომავალზე თქვა უარი, რაც ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი“, – თქვა ლელა ცისკარიშვილმა, ორგანიზაციიდან „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.
საქველმოქმედო ფონდებისა და ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება მორიგი პოლიტიკური ბრალდებების მიზეზად იქცა. მმართველი პარტია დაყადაღებულ ფონდებს სავარაუდო რევოლუციური სცენარების მონაწილეობაში ადანაშაულებს.
„ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად, აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორებიცაა, ვთქვათ, წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების. ეს არ არის გამონაკლისი და არც რაიმე გასაკვირი იქნება იმაში, რომ სწორედ ასეთი საკითხები გამოაშკარავდეს. რასაკვირველია, ფონდებს სჭირდება შესაბამისი დაფინანსება. რეალურად ამ დაფინანსების წყაროებთან უნდა იყოს ინფორმაცია საკმაოდ ღია და საზოგადოებისათვის ცნობილი. თუ ამ თემებთან მიმართებაში პრეტენზია არ ექნება შესაბამის სტრუქტურას, რასაკვირველია, იქნება შესაბამისი განცხადებაც გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის საფუძველი ჰქონდა. ფონდი გარკვეული წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს. დეტალები მე არ ვიცი, ალბათ, შესაბამისმა სტრუქტურებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ ოპონენტების განცხადებით, პარტია ცდილობს, ქვეყანაში საქველმოქმედო საქმიანობაც კი დასჯადი გახადოს. ოპოზიციონერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მათი და უფლებადამცველთა ნაწილის მიერ არაპროპორციული ადმინისტრაციული ჯარიმების პირისპირ მოქალაქეები მარტო არ დარჩნენ.
„ახლა ამ ფონდებს თანადგომა სჭირდებათ და მათ ეს თანადგომა ექნებათ. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეჟიმს მიუხედავად იმისა, როგორი ძალის დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს, ეშინია ჩვენი ერთობის, ჩვენი პროტესტისა და ჩვენი სოლიდარობის. ამიტომ, გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობისა და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ, ისევე როგორც პროტესტის ყველა იმ მონაწილის მიმართ, რომლებიც უკვე 111-ე დღეა, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“, – განაცხადა კოალიციის „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეულმა ორგანიზაციამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ და მისმა ლიდერებმა ვატო შაქარაშვილმა და ნანა კაკაბაძემ 8 თებერვალს საქართველოს პროკურატურას საჩივრით მიმართეს. ორგანიზაციას სამართალდარღვევის არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა საპროტესტო აქციებისას სპეციალური დამცავი საშუალებების, მათ შორის აირწინაღებისა და სამედიცინო პირბადეების შეძენისთვის მოქალაქეთა მიერ ჩარიცხული თანხები. საჩივრის ავტორთა შეფასებით, ამ ინვენტარით ახალისებდნენ „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირებს“. ეს კი იმ დროს, როდესაც საპოლიციო ძალები ზედიზედ 8 დღის განმავლობაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემატურად იყენებდნენ სხვადასხვა ქიმიურ საშუალებას – ე.წ. „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლსა და მასში შერეულ სპეციალურ ნივთიერებებს.