მთავარისაქართველოუფლებადამცველები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას რეპრესიულს უწოდებენ

უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას რეპრესიულს უწოდებენ

„არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ“ – „ხალხის ძალის“ დეპუტატის, სოზარ სუბარის ამ განცხადებიდან ზუსტად ორი კვირის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, შინაარსობრივი რეგულირების სტანდარტები მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზეც გაავრცელოს.

თუკი რეგულაციების ინიციირებისას მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ ცვლილებები მხოლოდ სატელევიზიო და რადიომაუწყებლების ეთერებს შეეხებოდა, ახლა „ქართული ოცნება“ „ტექნოლოგიების განვითარების, დახვეწისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის“ არგუმენტით გეგმავს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მასალაც კანონმდებლობას დაუქვემდებაროს.

„მაუწყებლებს იმავდროულად აქვთ ვებგვერდი, აქვთ სოციალური ქსელი. ჩვენ მიერ წარმოდგენილი რეგულაციის მიხედვით, თუ მაუწყებელი ინფორმაციას, მაგალითად, არაჯეროვნად ავრცელებს, პირს რეაგირება და უფლებების დაცვა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ინფორმაცია ტელეეთერის საშუალებით არის გავრცელებული, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია სოციალური ქსელით და თუნდაც, ვებგვერდის საშუალებით, ამ ყველაფერზე რეაგირება შეუძლებელი იქნება.

ამიტომ პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გუნდი შეთანხმდა, რომ ონლაინმედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რომლებიც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს.

ეს ყველაფერი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება. აქ იგულისხმება ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავს მედიას უწოდებენ, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებსა და აქვთ სტრუქტურირებული ფორმა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

უფლებადამცველთა ნაწილი სოციალური ქსელების რეგულირებას ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უკავშირებს. ისინი ამ პროცესებს 2012 წელს ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში გადადგმულ ნაბიჯებს ადარებენ.

უფლებადამცველები არ გამორიცხავენ სხვა შეზღუდვებსაც. მაგალითად, 17 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, პროფესორ ავთანდილ კახნიაშვილის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადება, რომელშიც სასამართლო სხდომებზე ვიდეოგადაღების აკრძალვაა მოთხოვნილი. არგუმენტი კი პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის 6 მარტის სასამართლო პროცესია, სადაც ავთანდილ კახნიაშვილის მტკიცებით, მოსამართლეც და პროკურორიც „აბუჩად აიგდეს“. „ქართულ ოცნებაში“ ამ ინიციატივაზე ჯერ არაფერი უთქვამთ, თუმცა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ცვლილების წარდგენის შემთხვევაში მმართველი პარტიისთვის წინააღმდეგობის გამწევი არავინაა.

თუკი „ქართული ოცნება“ ამ საკანონმდებლო ნაბიჯსაც გადადგამს, ეს არ იქნება პარტიისთვის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავისსავე შემსუბუქებულ კანონს თავადვე ამკაცრებს.

ბოლო 5 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე არაერთი კანონი მიიღო, თუ წარადგინა. მათ შორისაა ისეთი ცვლილებებიც, რომლებიც ევროკომისიის 9 დათქმას ეწინააღმდეგება. ყველა მათგანს მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ეუთო/ოდირმა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებებზე მოსაზრებაც კი გამოაქვეყნა და მათ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო“ უწოდა. იგივე პოზიცია გაიზიარა ვენეციის კომისიამაც 3 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში და განმარტა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით შეინიშნება. საკანონმდებლო ცვლილებები რეპრესიულად შეაფასა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ 17 მარტს გამოქვეყნებულ ანალიზშიც.

მე-11 მოწვევის პარლამენტში 89 დეპუტატია წარმოდგენილი, მათგან ცხრა „ხალხის ძალას“ წარმოადგენს – დეპუტატები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით შევიდნენ, მოგვიანებით კი ოპოზიციაში გადავიდნენ.

ამის მიუხედავად, პარლამენტის ყველა ბოლოდროინდელი ცვლილება ნულოვანი წინააღმდეგობით მტკიცდება.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ყველა მომდევნო ინიციატივას „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებების მიუხედავად მაინც დაამტკიცებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend