სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს, რომ შაბათს სამართალდამცველებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო დანიშნულების აკუსტიკური იარაღი გამოიყენეს.
ოპოზიცია და უფლებადამცველები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.
აქციის მონაწილეთა მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტები პანიკურად გარბიან და ქუჩას ათავისუფლებენ მაშინ, როდესაც ხმოვანი სიგნალი ირთვება.
საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთა თქმით ხალხი თავშესაფრის მოძებნას ცდილობდა. როგორც ცნობილია სამხედრო დანიშნულების აკუსტიკური ზემოქმედების სპეცსაშუალება გამოიყენება სამიზნის გასანეიტრალებლად, დაბალსიხშირიანი ინფრაბგერებით ადამიანის სმენის ორგანოებზე მტკივნეულად მოქმედებს.
იწყევს ყურის ტკივილს, ორიენტირების უნარების შეზღუდვას და პანიკას. სამხედრო დანიშნულების ეს სპეცსაშუალება მძლავრია და მისი გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მრავალ ქვეყანაში აკრძალულია.
გარკვეული სიმძლავრის აკუსტიკური სპეცსაშუალება მასობრივი გამოსვლების დროს პოლიციური ღონისძიებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც არაერთხელ გამოიყენა.