„კავშირი უკრაინის გარეშე“ – ასეთია ევროკავშირის ყველაზე პრორუს ლიდერად მიჩნეული უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, მოთხოვნა გაერთიანების მიმართ.
ვიქტორ ორბანმა ბლოკს მოთხოვნების სია მას შემდეგ წაუყენა, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა უნგრეთთან შეთანხმების საფუძველზე 2,400-ზე მეტ რუს მოქალაქეზე სანქციები განაახლა. როგორც ცნობილია, ბუდაპეშტთან კომპრომისის სახით ევროკავშირმა შავი სიიდან 3 პირი ამოიღო.
„რას ითხოვს უნგრეთი ბრიუსელისგან?
მშვიდობას, თავისუფლებასა და ერთობას:
ვითხოვთ ერების ევროპას;
ვითხოვთ ყველა წევრი სახელმწიფოსთვის კანონის წინაშე თანასწორობას;
ერებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული კომპეტენციების აღდგენას;
ეროვნულ სუვერენიტეტსა და ეროვნული მთავრობებისთვის ძლიერი ვეტოს უფლებას;
კომისიიდან სოროსის აგენტების განდევნასა და პარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტების მოცილებას;
ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, გააუქმეთ კავშირის ვალი;
ნუ შეუშლით ხელს ჩვენს ეროვნულ გვარდიას ჩვენი საზღვრების დაცვაში. ნუ შემოიყვანთ მიგრანტებს, მოაცილეთ ისინი, ვინც არალეგალურად ჩამოვიდნენ;
კორუმპირებული დოლარი და ევრო არ უნდა შემოვიდეს წევრ ქვეყნებში;
აკრძალეთ ჩვენი შვილების არაბუნებრივი განათლება;
10. დაიცავით ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა;
11. მოვითხოვთ მშვიდობას ევროპაში;
12. კავშირს, უკრაინის გარეშე“, – წერს ვიქტორ ორბანი პლატფორმა X-ზე.
What does the Hungarian nation demand from Brussels?
Let there be peace, freedom, and unity.
1. We demand a Europe of nations.
2. We demand equality before the law for all Member States.
3. Restore the competences unlawfully taken from nations.
4. National sovereignty and a…— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 15, 2025
ვიქტორ ორბანი, მემარჯვენე ნაციონალისტი, წლებია, უნგრეთის ეროვნულ იდენტობას უკრაინის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს უპირისპირებს. მან კიევი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები უნგრელი ეთნიკური უმცირესობის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. კიევი ბრალდებას უარყოფს, თუმცა ორბანი საკითხს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრკოლებების შესაქმნელად კვლავ იყენებს.
ორბანის მემარჯვენე მთავრობის პირობებში – უნგრეთისა და ევროკავშირის ინტერესები იშვიათად თუ ემთხვევა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე ბუდაპეშტი ვეტოს უფლებას მოსკოვისთვის სანქციების დაბლოკვის მიზნით იყენებს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს.
„შეიძლება სერბეთი ხვალ დილით მივიღოთ ევროკავშირში და ამით არანაირი ზიანი არ მოგვადგეს. ეს უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა მთელ ბლოკს, განსაკუთრებით უნგრეთს, რადგან ეს ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. შესაძლოა ხვალ დილითვე მივიღოთ ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო. ესეც დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანდა, რადგან ჩვენი მეზობლები, ჩვენი რეგიონის კუთვნილი ქვეყნები გახდებოდნენ ევროკავშირის წევრები. ამიტომაა, რომ უნგრეთი წამყვანი ძალაა ბალკანეთის ქვეყნების ბლოკში გაერთიანების კუთხით. ამ ქვეყნებს სტატუსით, განვითარებით, პოტენციალით ვერ შევადარებთ ომით განადგურებულ უკრაინას, რომელიც წაიღებდა ფულს და ვერაფერს მოგვცემდა სანაცვლოდ.
ბრიუსელში უმრავლესობა კლავ ომის მომხრეა. ზოგადად, დასავლეთში უმრავლესობა, ამერიკელების წყალობით, მშვიდობას უჭერს მხარს. მაგრამ ბრიუსელში ასე არ არის. მათი წინადადება მარტივია: ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ბრძოლა უნდა განაგრძოს და სანაცვლოდ დაჩქარებული წესით მიიღებენ ბლოკში. ეს ჩვენ გაგვანადგურებს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მკაცრი მოთხოვნების მიუხედავად, ვიქტორ ორბანს უნგრეთის მოსახლეობის ერთსულოვანი მხარდაჭერა არ აქვს. 15 მარტს ბუდაპეშტში ოპოზიციონერი ლიდერის, პიტერ მაგიარის ორგანიზებით, მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა. მაგიარი საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრის მთავარ მეტოქედ მოიაზრებს და მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ელიტაში ღრმად გამჯდარი კორუფცია ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევაა.
„ვითხოვთ ნამდვილ ალიანსს. არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეჟიმის რეალურ ცვლილებას. ჩვენ, ხალხი, ყოველთვის ტირანებზე მეტნი ვართ. ისტორია პოლიტიკოსებს, მინისტრებსა და მილიარდერებს არ ეკუთვნით. ისტორია მათია, ვინც საჭირო დროს მოქმედებას ბედავს“, – განაცხადა პიტერ მაგიარმა.
2024 წლის ბოლოს უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც გაერთიანების სტანდარტების დარღვევის გამო 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
ექსპერტების თანახმად, ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გამორიცხული არ არის ევროკავშირმა ბუდაპეშტის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიმართოს.
კერძოდ, წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში ბუდაპეშტს შესაძლოა ხმის მიცემისა და ვეტოს უფლება ჩამოერთვას.