მთავარიევროპაჩრდილოეთი მაკედონია„ცეცხლი ჭერზე გაკრულ ბრეზენტს მოედო”-ევრონიუს ალბანეთის ჟურნალისტი კოჩანში მომხდარის შესახებ

„ცეცხლი ჭერზე გაკრულ ბრეზენტს მოედო”-ევრონიუს ალბანეთის ჟურნალისტი კოჩანში მომხდარის შესახებ

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი მოჰყვა ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის კონცერტის დროს გაშვებულ პიროტექნიკას. ცეცხლი კლუბის ჭერზე გაკრულ ბრეზენტს მოედო და უბედური შემთხვევაც ამან გამოიწვია. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი.

ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა ევრონიუს ალბანეთის ჟურნალისტ ფერიკან ილჯაზ არიფის, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იმყოფებოდა:

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სკოპიეს ერთ-ერთი საავადმყოფოში, სადაც კლუბში გაჩენილი ხანძრისგან დაშავებულთა ნაწილს, დაახლოებით 20-მდე ადამიანს, მკურნალობენ. კიდევ ათობით დაშავებული კი ჩრდილოეთ მაკედონიის სხვადასხვა საავადმყოფოშია განაწილებული. ეს გახლავთ იმ უბედური შემთხვევის შემდგომ არსებული ვითარება, რაც გუშინ ქალაქ კოჩანში, ღამის კლუბში, გაჩენილი ხანძრის შედეგად მოხდა. საუბედუროდ, გარდაცვლილია 59 ახალგაზრდა.

ხანძარი კლუბში აფეთქებულმა ფეიერვერკებმა გამოიწვია. ძალიან მაღალია როგორც გარდაცვლილთა, ასევე დაშავებულთა რაოდენობა. მათი უმეტესობა ადგილობრივია, თუმცა კლუბში ასევე იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

ხანძრის შედეგად დაშავებულთა ახლობლები ტოვებენ საავადმყოფოს. ხანძარს ღამის კლუბში 59 ადამიანი ემსხვერპლა, ჩრდილოეთი მაკედონია Copyright AP Photo/Visar Kryeziu

ჯგუფი, რომელიც მაყურებლის წინაშე გამოდიოდა ძალიან პოპულარულია მთელ ჩრდილოეთ მაკედონიაში და შესაბამისად, კლუბში ბევრი მსმენელი იყო. დაშავებულთა ნაწილი, რომლებიც შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში არიან, სკოპიეს საავადმყოფოებში გადაანაწილეს, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მეზობელ ქვეყნებში ჰყავთ გადაყვანილი.

იყო შემოთავაზება თურქეთისგან, ბულგარეთისგან, ნიდერლანდებისგან, სერბეთისა და კიდევ ძალიან ბევრი ქვეყნისგან. პაციენტთა უმეტესობა ვერტმფრენებით გადააფრინეს. დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის სისტემა ამდენ დაშავებულს სათანადო მკურნალობას ვერ აღმოუჩენდა და სწორედ ამიტომ დაგვჭირდა მეზობელი ქვეყნების დახმარება, სადაც უფრო მეტი ექსპერტი და ასევე სამედიცინო პერსონალი ჰყავთ. დაშავებულებს აღენიშნებათ არა მხოლოდ დამწვრობა, არამედ კვამლითაც მოიწამლნენ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend