საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლება გრძელდება. სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის კიდევ 4 თანამშრომელი ავრცელებს, მათგან სამმა სოციალურ ქსელში მიღებული ბრძანების ფოტოც გამოაქვეყნა.
ერთ-ერთი ვინც გათავისუფლებაზე დაწერა, თამთა კაჭახიძეა. ის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იყო.
თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მერიიდან რეორგანიზაციის საფუძველზე თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესებთან არანაირ კავშირში არ არის.
„ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია-სამსახურების ოპტიმიზაცია. შესაბამისად, ახლაც დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც უნდა აისახებოდეს დედაქალაქსა და აქ მცხოვრებ ადამიანებზე“, – განაცხადა კალაძემ დეკემბერში.